Audi R15 TDI plus Le Mans Racer
6 ივნისი
წლევანდელი რბოლისთვის ”აუდიმ” თავის სარბოლ პროტოტიპ R15 TDI-ის ახალი ვერსია მოამზადა, რომელიც წინამორბედისგან არამარტო გარეგნობით, სხვა უამრავი კონსტრუქციული ნაწილითაც განსხვავდება. მოდერნიზაციის მთავარი მიზანი, ავტომობილის გამძლეობის და ეფექტურობის გაუმჯობესება იყო.
ახალ ავტომობილს ”აუდი R15 TDI პლუს” ეწოდა. ის კვლავ 5.5-ლიტრიანი V12 დიზელითაა აღჭურვილი, რომელიც 620-ზე მეტ ცხენის ძალას იძლევა. არადა, ტექნიკური რეგლამენტი, რბოლის მონაწილეებს, ძრავებთან დაკავშირებით, ბევრ შეზღუდვას უწესებს.
პირველ რიგში, შეიცვალა ავტომობილის აეროდინამიკა, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მის უფრო ეფექტურ მდგრადობას უზრუნველყოფს. შეიცვალა რადიატორის განლაგება, კოკპიტი კი უფრო ერგონომიული გახდა. შეიცვალა ავტომობილის განათების სისტემა, რომელშიც ახლა მტავარ როლს LED-ელემენტები ასრულებს. ამის წყალობით, ღამით რბოლისას, განათება გაცილებით ეფექტურია.
”აუდი R15 TDI პლუსს” ინტენსიური ტესტები ჩაუტარდა, რომელთა განმავლობაშიც, მანქანამ 40 000 კილომეტრი გაიარა და ფაქტობრივად, ჩვენს პლანეტას ეკვატორულ სარტყელში, გარს შემოუარა (ვირტუალურად). გამოცდების დროს, მანქანამ გამძლეობაზე ორი სრულფასოვანი ტესტი ჩააბარა, რომელთა დროსაც, 30-30 საათი სარბოლ რეჟიმში იმუშავა. გარდა ამისა, მას აეროსნმიკური ტესტები ჩაუტარდა როგორც ტრასაზე, რბოლისას, ასევე სპეციალურ აეროდინამიკურ მილში. შემოწმება გაიარა ავტომობილის ძრავის გაგრილების სისტემამაც. ამისთვის, სპეციალურად დაბინძურებული გზის საფარი იქნა შერჩეული, რათა დადგენილიყო, რამდენად გამართულად მუშაობს რადიატორი და მისი ბადე, როდესაც ხანგრძლივი რბოლისას, მათი ზედაპირი მტვრით და ჭუჭყით იფარება. გარდა ამისა, ავტომობილმა ორ რბოლაშიც (საფრანგეთის ლე კასტელეში და ბელგიის სპა ფრანკორშანზე) მიიღო მონაწილეობა, რაც ასევე მისი ტესტირებისთვის იქნა გამოყენებული.
გერმანულ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ესოდენ ძვირადღირებული სატესტო პროგრამა, მათ ლე მანზე კიდევ ერთი დიდი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.
No comments:
Post a Comment