გორდონ მარიმ ელექტრომობილ T.27-ს მონაცემები გამოაქვეყნა
Gordon Murray Releases T.27 EV Full Specifications
6 ივნისი
ცნობილმა ბრიტანელმა ინჟინერმა გორდონ მარიმ, ვისაც ერთ დროს ფორმულა 1-ში არაერთი საინტერესო პროექტი აქვს შექმნილი, შემდეგ კი, ”მაკლარენის” ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ F1-ის შექმნას ხელმძღვანელობდა, თავისი ახალი პროექტის, ჯუჯა ელექტრომობილ T.27-ის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და პირობა დადო, რომ ეს მანქანა მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ელექტრომობილის წოდებას მოიპოვებს.
ელექტრომობილ T.27-ის შემუშავებაში, მარის ინგლისური კომპანია ”ციტეკ ავტომოტივი” ეხმარება, რომელიც ავტომობილისთვის ელექტრულ ძალურ სისტემას - ძრავს და მის მკვებავ სისტემას ამუშავებს. პროექტი 9 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული. ამ თანხის ნახევარი მისთვის ბრიტანეთის მთავრობის ტექნოლოგიური სტრატეგიის საბჭომ გაიღო. მარიმ პროექტზე მუშაობა 16 თვის წინ დაიწყო და აცხადებს, რომ პირველი სრულფასოვანი პროტოტიპი მზად 2011 წლის აპრილში იქნება.
ჯუჯა ავტომობილს, რომელიც გაბარიტებით ”სმარტზე” პატარა იქნება, მამოძრავებელ ძალას 34-ცხენისძალიანი ელექტროძრავი მიანიჭებს, რომელსაც ენერგიით 12 კილოვატსაათი ტევადობის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი მოამარაგებს.
T.27-ის სიგრძე 2.5 მეტრი, სიგანე 1.3 მეტრი, სიმაღლე 1.6 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 1.78 მეტრია. ავტომობილის წონა 680 კილოგრამი უნდა იყოს. ჯუჯა ელექტრომობილის სიჩქარე 100 კმ/სთ-ს 15 წამში მიაღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი სულ რაღაც 105 კმ/სთ იქნება. ავტომობილი აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით 160 კილომეტრის გავლას შეძლებს.
მართალია, T.27 ატმოსფეროს ნახშირორჟანგით უშუალოდ არ დააბინძურებს, მაგრამ ის ელექტროენერგია, რომელიც მას ქალაქში სამოძრაოდ დასჭირდება, კილომეტრზე 48 გრამი CO2-ის, შერეული ციკლით მოძრაობისას კი 28 გრამის ექვივალნტური იქნება. მარის განცხადებით, თავისი ექსპლუატაციის განმავლობაში, T.27 დაახლოებით 42 პროცენტით ნაკლებად დააბინძურებს გარემოს, ვიდრე ბრიტანეთში მოძრავი ავტომობილების შესაბამისი საშუალო მაჩვენებელია.
ცნობისათვის, მარი და მისმა დიზაინერულმა კომპანიამ უფრო ადრე, მუშაობა პროექტ T.25-ზე დაიწყეს, რომელიც საქალაქო ჯუჯა ავტომობილის წარმოებას ითვალისწინებს. ამ ავტომობილის ბაზაზე მუშავდება ელექტრომობილი T.27. ორივესთვის კი მარის კიდევ ერთი, წარმოების ახლებური ტექნოლოგია ”აისტრიმი” აქვს შემუშავებული, რომლის წყალობითაც, ავტომობილის წარმოების დასაწყებად საჭირო ინვესტიციის და წარმოების დროს აუცილებელი ენერგიის მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებაა შესაძლებელი.
და, რაც მთავარია: ამ ავტომობილების წარმოებას თავად მარის კომპანია არ გეგმავს. ის მხოლოდ შესაბამისი ტექნოლოგიების გაყიდვითაა დაინტერესებული. მარი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მოლაპარაკებას ორი კომპანია აწარმოებს, რომლებიც ჯუჯა ავტომობილების ბრიტანეთში წარმოებას გეგმავენ. თუ ორივე საწადელს მიაღწევს, ისინი დამატებით 6 000 სამუშაო ადგილს შექმნიან.
No comments:
Post a Comment