”პოლო სედანი” – ”ფოლკსვაგენის” მომავალი ბესტსელერი
VW Polo Sedan
7 ივნისი
უკვე რამდენიმე წელია, რაც ”რენომ” იაფფასიან მოდელ ”ლოგანის” წარმოება დაიწყო და ეს ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მის მიბაძვას უკვე თითქმის ყველა დიდი და ამბიციური ავტომწარმოებელი ცდილობს. რა თქმა უნდა, ასეთებს შორისაა ”ფოლკსვაგენიც”, რომელმაც ახლახანს, მოსკოვში თავისი ახალი ავტომობილის, იაფფასიან ”პოლო სედანის” პრეზენტაცია მოაწყო.მისი დაარსების დღიდან, ვოლფსბურგული გიგანტი ”სახალხო ავტომობილის” მწარმოებლადაა მიჩნეული. ჯერ ერთი, მას ასეც ჰქვია - ფოლკს სახალხოს ნიშნავს, ვაგენი კი ავტომობილია. მეორეც, ”ფოლკსვაგენები” ყოველთვის ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩეოდნენ. მაგრამ დრომ თავისი მოიტანა - ვოლფსბურგელთა ყველაზე პოპულარული ავტომობილები თანდათან ზომებშიც გაიზარდნენ და თვისობრივადაც პრემიუმ კლასს მიუახლოვდნენ. მართალია, ”ფოლკსვაგენი” ჯერაც არაა ავტო ინდუსტრიის ელიტის წევრი. მაგრამ მისი პროდუქცია ამ კასტას აშკარად შეესაბამება, ამის პირდაპირი შედეგი კი ფასების განუხრელი ზრდა და ამ მხრივაც, შედეგი პრემიუმ კლასთან მიახლოებაა. შესაბამისად, ფასები კიდევ უფრო ზევით მიიწევს...
ამ ტრენდის შეცვლის, ან ყოველ შემთხვევაში, ”სახალხოს” იმიჯის შენარჩუნების, ან თუ გნებავთ, ”რენოს” მიერ დაწყებული ახალი ტრენდისთვის ფეხის აყოლების ვოლფსბურგულ ვერსიას კი ”ფოლკსვაგენ პოლო სედანი” ეწოდა.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს გლობალური მოდელია. ანუ, ვოლფსურგელები მის მთელს მსოფლიოში, პირველ რიგში კი სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გაყიდვას აპირებენ. რა თქმა უნდა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ, ჩინური ბაზარია, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ მისი წარმოება პირველად ”ფოლკსვაგენმა” რუსეთში დაიწყო. ალბათ ამის გამო იყო, რომ იქაურმა ჟურნალისტებმა ავტომობილს ”რუსული ფოლკსვაგენი” უწოდეს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ევროპაში ”ფოლკსვაგენის” ავტომობილები თანდათან ძვირდება, ლათინური ამერიკის ქვეყნებში ის კვლავაც ჰყიდის იაფფასიან მოდელებს - ”ფოქსს”, ”გოლსა” და ”ვოიაჯერს”. მაგრამ რატომღაც, ეს ავტომობილები სხვა ბაზრებზე არ გააქვს და თუ გააქვს კიდეც, ისინი სხვაგან ფეხს ვერ იკიდებენ. ჰოდა, ”პოლო სედანს” სწორედ ის მისია აკისრია, რომ მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარს ერთნაირი წარმატებით მოერგოს.
გერმანული კომპანიის განცხადებით, ”პოლო სედანი” სამოდელო გამაში, ორი პოპულარული სედანის - ”პასატისა” და ”ჯეტას” დაბლა არსებულ ნიშას დაიკავებს. ამგვარად, როგორც სახელიდანაც შეიძლება ვივარაუდოთ, ის ჰეჩბეკ ”პოლოს” შესაბამისი სედანია, თუმცა ამ ავტომობილზე დიდი გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 4.384 მეტრია, უფრო მეტი, ვიდრე მეოთხე თაობის ”გოლფის” ბაზაზე შექმნილ ”ბორას” (იგივე ჯეტას) ჰქონდა. სიგანე 1.699 მეტრამდე გაიზარდა (ჰეჩბეკ პოლოსი - 1.682 მეტრია), ბაზა - 2.552 მეტრამდე (ჰეჩბეკისა - 2.470 მეტრია). ”პოლო სედანის” სიმაღლე 1.463 მეტრია, საბარგულის მოცულობა კი - 460 ლიტრი.
რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილის გარეგნობაზე მუშაობას, სახელოვანი დიზაინერი ვალტერ დე სილვა უძღვებოდა. მისი დამსახურებაა ის, რომ ”პოლო სედანს” სადა და, შეიძლება ითქვას, დაუწუნარი გარეგნობა აქვს. ის აშკარად არ გამოირჩევა ექსტრავაგანტურობით, თუმცა ეს არც მოეთხოვება. სამაგიეროდ, თავისუფლად აკმაყოფილებს კორპორატიული სტილის მოთხოვნებს - ემბლემის გარეშეც, მასში ადვილად ამოიცნობთ ვოლფსბურგული ოთხბორბლიანების ოჯახისადმი კუთვნილებას.
”პოლო სედანის” ინტერიერიც მისი გარეგნობის მსგავსად, უბრალო და კოხტაა. რაც მთავარია, ის ”ფოლკსვაგენის” სტილშია შესრულებული. აქ ვერც კონდიციონერს ნახავთ, ვერც მაგნიტოლას და კომფორტისთვის საჭირო სხვა რამეებს - ესენი ხომ ავტომობილს ძალიან გააძვირებენ. სამაგიეროდ, მსურველს მათი დამატებითი ოპციის სახით შეკვეთით შეძენა შეუძლია. მთავარია, რომ ასე ვოლფსბურგელები საბაზო ფასის 10 000 ევროს სიახლოვეს შენარჩუნებას ახერხებენ. და თუ ვინმეს მეტი მოუნდება, თავის სურვილს ჩვეულებრივი შეკვეთით დაიკმაყოფილებს და მეტსაც გადაიხდის.
ჯერჯერობით, ”პოლო სედანისთვის” მხოლოდ ერთი, ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავია გათვალისწინებული, რომელიც სულ რაღაც, 105 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მყიდველის სურვილის შესაბამისად, მას ან 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. რა თქმა უნდა, ძრავი საკმაოდ სუსტია და აქედან გამომდინარე, ავტომობილი ტემპერამენტულობით ვერ დაიკვეხნის - ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, მას 10.5 წამი სჭირდება. სამაგიეროდ, ის ეკონომიურია - შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, 6.5 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ”პოლო სედანის” საწვავის ავზის მოცულობა 55 ლიტრია, გამოდის რომ, მისი ერთი სრული გაწყობით, 700 კილომეტრზე მეტის გავლაა შესაძლებელი.
10 000 ევროს საფასურად, ”პოლო სედანის” საბაზო ვერსიას (ტრენდლაინ) შეიძენთ, რომლის კომპლექტაციაშიც შედის: ორი ცალი უსაფრთხოების ბალიში, შუშის ელექტროამწევები და საბორტო კომპიუტერი. სამაგიეროდ, კონდიციონერის გარდა, აქ ვერც ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემას ნახავთ. თუმცა, ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი მოწყობილობა ”პოლო სედანის” კომპლექტაცია ”კომფორტლაინის” პაკეტში შევა. კიდევ უფრო მდიდრული აღჭურვილობით და რა თქმა უნდა, გაზრდილი ფასით, კომპლექტაცია ”ჰაილაინი” გამოირჩევა. სხვათა შორის, მისი ფასი იმდენად მაღალია, რომ ”გოლფის” კლასის ავტომობილებისას უახლოვდება.
No comments:
Post a Comment