”აუდიმ” ელექტრული e-ტრონის ტესტირება დაიწყო
Audi e-tron
10 ივნისი
”აუდი” უკვე შეუდგა სპორტულ ელექტრომობილ e-ტრონის საგზაო ტესტირებას, ავტომობილისა, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც შარშან, ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე გვიჩვენა.
ელექტრომობილი სუპერ ავტომობილ R8-ს პლატფორმაზეა ბაზირებული და მისი მცირესერიული წარმოების დაწყებას გერმანული კომპანია 2012 წელს დაიწყებს. სავარაუდოდ, სერიული ავტომობილი იმავე აგრეგატებით აღიჭურვება, რომლითაც შედგა კონცეპტუალური მოდელის დებიუტი.
კონცეპტუალური e-ტრონი კი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც თითო ბორბალს ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე კი 313 ცხენის ძალას აღწევს. ძრავებს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელთა ტევადობაც, ავტომობილს 248 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის.
e-ტრონს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ სიჩქარითაა შეზღუდული. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მაღალ სიჩქარეზე, ავტომობილის ენერგიის ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება. აკუმულატორების დამუხტვა საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან შეიძლება, მათს სრულ დამუხტვას კი 8 საათი სჭირდება.
”აუდის” ექსტერიერების მთავარ დიზაინერ იოახიმ ბედშტაბნერს ნათქვამი აქვს, რომ გერმანული კომპანია სულ 1000 ცალი e-ტრონის წარმოებას გეგმავს. ამასთან, თითოეული მათგანი სუპერ ავტომობილ R8-ზე გაცილებით ძვირი ეღირება. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ”აუდის” მარკეტოლოგები იმედოვნებენ, რომ 1000 ცალი ელექტრომობილის გაყიდვა არ გაუჭირდებათ, რადგან მათს კომპანიას მთელს მსოფლიოში დაახლოებით 5000 დილერი ჰყავს.
და მაინც, ინგოლშტადტელები არ გამორიცხავენ, რომ მათს ელექტრომობილზე მიწოდება შეიძლება შეთავაზებაზე მეტი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, ტირაჟი ოპერატიულად შეიკვეცება.
No comments:
Post a Comment