”პეინოს აბრუცი სპირიტ ოფ ლე მანს”
Panoz Abruzzi Spirit of Le Mans
10 ივნისი
ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ პეინოსი (რამდენადაც ის იტალიური წარმოშობისაა, მისი გვარი უნდა გამოითქმებოდეს, როგორც პანოცი) ცნობილია იმით, რომ ამერიკული ლე მანის სერიის ერთ-ერთი დამაარსებელი და საკუთარი სარბოლი გუნდის მფლობელია, რომელიც მუდმივად მონაწილეობს ლე მანის რბოლებში. მაგრამ აქამდე ის მხოლოდ სარბოლ ავტომობილებზე მუშაობდა და შეხება არ ჰქონია საგზაო ავტომობილებთან.
ახლა კი, ”პეინოს მოტორსპორტმა” დიდ ავტოინდუსტრიაშიც გადადგა პირველი ნაბიჯი - ლე მანის 24-საათიანი რბოლის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე, საზოგადოებას თავისი პირველი საგზაო ავტომობილი - ”პეინოს აბრუცი სპირიტ ოფ ლე მანს” წარუდგინა.
ეს ავტომობილი ხელნაკეთია და ისევე როგორც ”პანოც-ის” სარბოლ ბოლიდებს, მასაც ძრავი წინ აქვს მოთავსებული, წონის ოპტიმალურად გასანაწილებლად კი, რადიატორი და განივი განლაგების გადაცემათა კოლოფი კი მანქანის უკანა ნაწილში მოთავსდა.
დონ პეინოსს თავისი პირველი საგზაო ავტომობილის დაწვრილებითი დახასიათება არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”პეინოს აბრუცი სპირიტ ოფ ლე მანსი” 600-ცხენისძლიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მაქსიმალური მაბრუნი მომენტიც 800 ნიუტონმეტრს აღწევს. დადასტურებული არაა, თუმცა ამ მწირი მახასიათებლების მიხედვით შეიძლება ვარაუდი, რომ ძრავს დამჭირხნი ემსახურება. რომელი ტიპის - ტურბო, თუ მექანიკური, ეს უცნობია.
ამ ავტომობილის შექმნისას, დონ პეინოსმა, უფრო სწორედ კი, მისმა ინჟინრებმა, გარემოს დაცვაზეც იზრუნეს. კერძოდ, ავტომობილის მზიდი სტრუქტურა ინოვაციური მასალებითაა შექმნილი და მას ავტორებმა REAMS (რისაიქლეიბლ ენერჯი აბსორბინგ მატრიც სისტემ - განახლებადი, ენერგიის შთანმთქმელი მატრიცული სისტემა) უწოდეს. როგორც სახელიდანაც ჩანს, საჭიროების შემთხვევაში, ეს სტრუქტურა თავის თავზე ღებულობს შეჯახების დროს გამოყოფილ ენერგიას და ამით, სლონში მყოფთ ტრავმებისგან იცავს.
სტრუქტურა მრავალშრიანი კომპოზიტია, რომელიც ისეთივე ხისტია, როგორც კარბონის კომპოზიტი, თუმცა მასზე მსუბუქიცაა. ამასთან, ის სრულიად განახლებადი მასალებისგან მზადდება, წარმოებისას და ექსპლუატაციისას, არ აქვს ამობურცვისადმი მიდრეკილება და არც მტვრევადია.
”პეინოს აბრუცი სპირიტ ოფ ლე მანს” ასევე გამოირჩევა გაგრილების სრულიად ახლებული, სამსაფეხურიანი სისტემით, რომელსაც კომპანიაში ”ტრიფექტაქულინგი” უწოდეს. ეს სისტემა სტანდარტულ რადიატორს იყენებს, მაგრამ მეორე და მესამე საფეხურების წყალობით, გამაგრილებელი სითხის ტემპერატურას დაბლა სწევს როგორც რადიატორის გამომშვებ, ასევე შემშვებ წერტილებში.
”პეინოს აბრუცი სპირიტ ოფ ლე მანსს” კომპანიის კორპორატიული სტილი აქვს შენარჩუნებული. კონკრეტულად კი, ის არამარტო თავისი შეთანწყობით ჰგავს სარბოლ ”პეინოსს”, არამედ დიზაინითაც. მსგავსება განსაკუთრებით თვალში საცემი კი ორივე ავტომობილის წინა ნაწილშია. საქმე უზარმაზარ ეხება ჰაერის ამღებს, რომელსაც ”ცხვირი” და ფრთა ოთხ ნაწილად ჰყოფს და ოთხი რადიატორის ეფექტს ქმნის.
დონ პეინოსი მხოლოდ 81 ცალი ”პეინოს აბრუცი სპირიტ ოფ ლე მანსის” დამზადებას აპირებს. ყველა ავტომობილი ექსკლუზიური, ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული იქნება, რადგან მათი დამზადებისას, მწარმოებელი შემკვეთის სურვილებს დააკმაყოფილებს. რატომ 81 და არა ერთით მეტი, ან ნაკლები? საქმე ისაა, რომ ამ ავტომობილის წარმოებას ”პეინოსი” 2013 წელს შეწყვეტს. და იმ დროისთვის, ლე მანის 24-საათიანი რბოლა 81-ედ ჩატარდება.
ფასი არ გამოცხადებულა. ისიც ალბათ ინდივიდუალური იქნება. სამაგიეროდ, მყიდველი თავის ავტომობილს საზეიმო ვითარებაში, სარტეს ლეგენდარულ ავტოდრომზე მიიღებს, სადაც ლე მანის რბოლა ტარდება ხოლმე. ამავე ტრასაზე, ”ბუგატის” სახელობის სეგმენტზე, სუპერ ავტომობილის მყიდველებს მართვის სპეციალური გაკვეთილები ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, ყველა მყიდველს საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვევენ ლე მანის რბოლაზე. და თუ მათი სურვილი იქნება, ისინი რბოლის წინა ერთწრიან აღლუმშიც მიიღებენ მონაწილეობას.
No comments:
Post a Comment