”ასტონ მარტინს” სხვებმაც რომ მიბაძონ...
Fantasia: Bugatti EB1.2 TSI and Bentley Continental Super Mini
8 ივნისი
შარშან ”ასტონ მარტინმა” ყველა გაოცებული დატოვა, როდესაც საზოგადოებას თავისი ახალი გეგმის შესახებ ამცნო. გეგმა ”ტოიოტას” ჯუჯა ჰეჩბეკ iQ-ს ბაზაზე, პატარა ასტონის, სახელად ”სიგნიტ”, შექმნას ითვალისწინებდა. ეს განცხადება პირველ აპრილს არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ალბათ ბევრმა არ დაიჯერა, რომ ამგვარი რამ შესაძლებელი იყო.
მაგრამ ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე, საავტომობილო სამყარო რეალური ”სიგნიტის” კონცეპტუალური ვერსიის პრემიერის მომსწრე გახდა და რა თქმა უნდა, ამჯერად გამოქვეყნებულ რელიზებსაც და საკუთარ თვალებსაც ყველამ დაუჯერა.
რისთვის სჭირდება ”ასტონ მარტინს” ასეთი სათამაშოს, თუნდაც ძალიან მიმზიდველისა და სასურველის, გამოშვება? ვითომ იმისათვის, რომ თავისი პროდუქცია იმ ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს, ვისაც ჩვეულებრივი (უფრო სწორედ, არაჩვეულებრივი) ასტონების შეძენა არ შეუძლია? მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი თავად ინგლისურმა კომპანიამ ფრანკფურტშივე გასცა, როდესაც გამოაცხადა, რომ ”სიგნიტს” პირველ რიგში, სხვა, ძვირადღირებული ”ასტონ მარტინების” მყიდველები შეიძენენ, რომლებისთვისაც, სუპერავტომობილებით ქალაქის ქუჩებში მოძრაობა პრობლემურია.
”სიგნიტის” წარმოების დაწყების აუცილებლობის მეორე ვარაუდი გაცილებით პრაგმატულია და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მალე ავტომწარმოებლებს ევროპის ბაზარზე გამონაბოლქვთან დაკავშირებით, უმკაცრეს სტანდარტებს დაუწესებენ. და ვინც ამ სტანდარტებში ვერ ჩაეტევა, მის მიერ წარმოებულ ავტომობილებზე საჯარიმო გადასახადების გადახდა მოუწევს. ეს კი მათს პროდუქციას გააძვირებს.
”სიგნიტს” კი ”ასტონ მარტინის” მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის საშუალო მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. ასე კი, სუპერ ავტომობილების ფასების მწვერვალებისკენ გაქცევა აღიკვეთება.
ჰოდა, თუ ასეა, რატომ არ უნდა მიბაძონ ”ასტონ მარტინს” იმ კომპანიებმაც, რომლებიც სუპერ ავტომობილების სეგმენტში მუშაობენ? ამისათვის ხომ ”ფერარის” შესანიშნავი ბაზა გააჩნია ”ფიატის” სახით. ხომ შეიძლება, პოპულარულ ”ჩინკვეჩენტოს” ტიუნინგი მარანელოში ჩაუტარდეს და ”აბარტის” მორიელის ნაცვლად, ყალყზე შემდგარი კვიცით დამშვენდეს?
არავინ იცის, ეს მოხდება, თუ არა. სამაგიეროდ, ჰოლანდიურ საავტომობილო ბლოგ ”ავტობლოგის” ერთ-ერთმა მკითხველმა იასპერ ფან დერ ჰაიდენმა საინტერესო სამუშაო შეასრულა და ამავე ბლოგს მის მიერ შესრულებული ორი ესკიზი გაუგზავნა. ამ ესკიზებზე კი ”ბუგატის” და ”ბენტლის” მინი ჰეჩბეკებია გამოსახული.
თუ ნახატებზე გამოსახული ავტომობილების პროპორციების მიხედვით ვიმსჯელებთ, ორივე ”ფოლკსვაგენ პოლოს” (იგივე სეატ იბისას, ან შკოდა ფაბიას) ბაზაზე შექმნას ითვალისწინებს. მოკლედ, ჰოლანდიელი დიზაინერის ვერსიით, მინი ”ბუგატიც” და ”ბენტლიც” ”ასტონის” ”სიგნიტზე” დიდები იქნება.
ნეტავ, ფან დერ ჰაიდენის ეს საინტერესო ესკიზები ვოლფსბურგული საავტომობილო დიდი ოჯახის (რომლის წევრებიც არიან ბუგატი და ბენტლი) მესვეურებს თუ დააინტერესებს?
შენიშვნა: წყარო საიტი http://carscoop.blogspot.com
http://carscoop.blogspot.com/2010/06/fantasia-bugatti-eb12-tsi-and-bentley.html
No comments:
Post a Comment