Thursday, July 22, 2010

”პეჟო” კონცეპტუალურ BB1-ს გამოუშვებს

Peugeot BB1 to Make It into Production

21 ივლისი

სკუტერია, თუ ავტომობილი? - ბევრი ახლაც დაობს, თუ რა უწოდოს კონცეპტუალურ მოდელს, სახელად BB1, რომელიც ”პეჟომ” ”ფრანკფურტის” შარშანდელ საავტომობილო გამოფენაზე წარმოადგინა. თუმცა, ამას რა მნიშვნლობა აქვს - გამოცემა ”უოთქარ?-ის” ინფორმაციით, ფრანგულ კომპანიას BB1-ის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ჟურნალთან საუბრისას, ”პეჟოს” საინჟინრო შტაბის შეფმა ჟილ ვიდალმა განაცხადა, რომ BB1-ის გაყიდვები 2012, ან 2013 წელს დაიწყება.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ”ლომებმა” გადაწყვიტეს, რომ სერიულ მოდელს კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობა შეუნარჩუნონ. ამის საფუძველი კი ”პეჟოს” ხელმძღვანელობას ფრანკფურტში მიღებულმა დადებითმა გამოხმაურებებმა მისცა. სამაგიეროდ, ჯერაც არ გარკვეულა მთავარი საკითხი - რა დაარქვან BB1-ის სერიულ ვერსიას და ავტომობილების კლასს მიაკუთვნონ ის, თუ სკუტერებისას.

ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპცია ელექტრომობილია, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. BB1-ს ორი ელექტროძრავი ემსახურება, რომლებიც უკანა ბორბლებთანაა მოთავსებული. ეს ბორბლები ”პეჟოსა” და ”მიშლენის” სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. თითოეული ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე სულ რაღაც 20 ცხენის ძალაა და მათი მეშვეობით, BB1-ს 0-30 კმ/სთ-მდე აჩქარება 2.8 წამში შეუძლია, 30-დან 60 კმ/სთ-მდე სიჩქარეს კი 4 წამში კრეფს.

ძრავებს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელთა ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 120 კილომეტრის გავლა შესძლოს. დამატებითი ენერგიის გამომუშავება მზის პანელებით ხდება, რომლებიც კომპანია ”ოუშენ ვიტალ-ის” მიერაა დამზადებული. ეს ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ მანქანის სხვადასხვა ელექტრულმა მოწყობილობამ გამართულად იმუშაოს.

ავტომობილის სიგრძე სულ რაღაც 2.5 მეტრია და ის მხოლოდ 600 კილოგრამს იწონის. სხვა მონაცემები მის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

No comments:

Post a Comment