Thursday, July 22, 2010

”შკოდა” იაფფასიან მცირელიტრაჟიან ავტომობილს გამოუშვებს

Skoda Joyster Gets the Green Light

21 ივლისი

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ”ფოლკსვაგენი” თავის კონცეპტუალურ მცირელიტრაჟიან მოდელ Up!-ის ბაზაზე ჰეჩბეკ ”ლუპოს” აღადგენს. ამ უნფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კი ”შკოდამ”, რომელიც გერმანული კომპანიის ჯგუფში შედის, გამოაცხადა, რომ მალე დაიწყებს მცირელიტრაჟიანი ავტომობილის წარმოებას, რომელიც მის ავტომობილებს შორის ყველაზე იაფი ეღირება.

ბუნებრივია, ”შკოდას” ავტომობილიც Up!-ის ბაზაზე დამზადდება. თუმცა ჩეხურ კომპანიას შესაბამისი კონცეპტუალური მოდელი, სახელად ”ჯოისტერი”, Up!-ზე ადრე, 2006 წელს ჰქონდა წარმოდგენილი. ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 2012 წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. ის 9 000 ევროზე იაფი ეღირება და ისევე როგორც ”ფოლკსვაგენ ლუპო”, კონკურენციას ”პეჟო 107-ს” და ”ტოიოტა აიგოს” გაუწევს.

”შკოდა ჯოისტერის” შესახებ, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ძრავი მის წინა ნაწილში განთავსდება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა, რომელი ძრავებით აღიჭურვება ახალი ავტომობილი. სავარაუდოდ, ეს იქნება ბენზინის სამცილინდრიანი ძრავი 1.0 ლიტრი მუშა მოცულობით და ასევე სამცილინდრიანი, ოღონდ 1.2-ლიტრიანი დიზელი. იგივე ძრავებით ალბათ ”ლუპოც” აღიჭურვება.

სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი ეკონომიურიც იქნება და გარემოსადმი მეგობრულიც - მისი დიზელისძრავიანი ვერსია ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 80 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს, ბენზინისძრავიანის შესაბამისი მაჩვენებელი კი 100 გრ/კმ იქნება.

ცნობისათვის, ”შკოდას” გარდა, Up!-ის ბაზაზე ამავე კლასის ავტომობილს, გერმანული კომპანიის ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი კომპანია - ესპანური ”სეატი” აპირებს. ”ჯოისტერს” ალბათ ”შკოდას” ალოვაკური საწარმო გამოუშვებს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ბრატისლავაში მდებარეობს.

ცნობილია, რომ ”ფოლკსვაგენი” ”ლუპოს” ელექტრონულ ვერსიასაც გამოუშვებს. მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, იმავე ელექტრომობილის წარმოებას ”შკოდა” და ”სეატიც” თუ აითვისებენ.

No comments:

Post a Comment