Saturday, July 3, 2010

”ტესლა” სამოდელო გამას გააფართოებს

Tesla Motors

3 ივლისი

ელონ მუსკი
..............................

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა (კალიფორნიულმა) კომპანია ”ტესლა მოტორსმა” გამოაცხადა, რომ თავისი სამოდელო გამის მნიშვნელოვნად გაფართოებას აპირებს და პლატფორმაზე, რომელსაც ამჟამად მხოლოდ ერთი მოდელისთვის (როდსტერ S) იყენებს მალე სედანის, კომერციული ფურგონის და ქროსოვერის, ან უგზოობის ავტომობილებს გამოუშვებს. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ელექტრომობილი იქნება.

ამის თაობაზე კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა და უმსხვილესმა აქციონერმა, ელონ მუსკმა, უოლ სტრიტზე, თავისი კომპანიის აქციების ბირჟაზე გამოტანის ცერემონიაზე განცხადა. ცერემონია ”ტესლა მოტორსის” საქმიანობის რეკლამირებას ემსახურებოდა, რათა აქციონირების პროცესი წარმატებული ყოფილიყო.

”ტესლას” უნივერსალური პლატფორმა
..............................

მუსკის თქმით, უნივერსალურ პლატფორმაზე, აკუმულატორების ბლოკები ძირზე განთავსდება (როგორც ”ნისანის” ელექტრომობილ ”ლიფზე”), რისი წყალობითაც, პლატფორმა კომპაქტურიც გამოვა და მისი წონაც ბორბლებს შორის უკეთ განაწილდება, რაც ავტომობილ(ებ)ის უკეთეს მდგრადობას განაპირობებს.

მუსკმა ისიც თქვა, რომ სედანი როდსტერთან შედარებით, ძალური დანადგარების შეცვლილ სისტემას მიიღებს. კერძოდ, აკუმულატორების გაგრილება ჰაერით კი არა, თხევადი მასით მოხდება, რაც გაგრილების სისტემას უფრო ეფექტურს გახდის. ეს სედანის ღირებულებას გაზრდის, მაგრამ სამაგიეროდ, გაუმჯობესდება გამძლეობა და ენერგოეფექტურობა.

”ტესლას” ელექტრული სედანი და როდსტერი

..............................

რაც შეეხება ”ტესლა მოტორსის” აქციონირების პროცესს. ის წარმოუდგენლად წარმატებული გამოდგა. მის შედეგად, ”ტესლა მოტორსმა” 226 მილიონი დოლარი მიიღო. სულ დაახლოებით 13.3 მილიონი აქცია გაიყიდა, რომელთა საშუალო ფასმაც 17 დოლარი შეადგინა. არადა, ექსპერტთა ვარაუდით, თითო აქციის საშუალო ფასი მაქსიმუმ 14-16 დოლარი უნდა ყოფილიყო. მუსკის თქმით, ამ ტანხას ”ტესლა მოტორსი” საწარმოს დაქირავებასა და მომავალი შესყიდვებისათვის გამოიყენებს.

სხვათა შორის, მუსკმა, ვინც ასევე სისტემა ”პეი პალის” ერთ-ერთი მფლობელია, თავადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ”ტესლა მოტორსის” აქცინირებაში, რისთვისაც 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღო. ამ ფულით მან აქციების ფასის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი - აქციების მოზრდილი პაკეტების შეძენით, ის მათზე მოთხოვნას და შესაბამისად, ფასსაც ზრდიდა.

არადა, ”ტესლას” ასეთი წარმატება მოულოდნელი იყო, რადგან კომპანიას იმ შვიდი წლის განმავლობაში, რაც არსებობს, ჯერ მოგებაზე არ უმუშავია. უფრო მეტიც, ამ დროის განმავლობაში, სულ 230.5 მილიონი დოლარი იზარალა. ეს კი მის აქციონირებას სარისკოდ ხდიდა. სამაგიეროდ, ახლახანს, ”ტესლა მოტორსმა” გარიგება დადო ”ტოიოტასთან”, რომლის ძალითაც, თავისი ელექტრომობილების საწარმოებლად, იაპონური კომპანიის კუთვნილ კალიფორნიულ ქარხანა NUMMI-ს გამოიყენებს. უფრო მეტიც, ამ საწარმოსთვის ”ტოიოტა” 50 მილიონი დოლარის ინვესტიციასაც გაიღებს. სამაგიეროდ, მისთვის ”ტესლას” ელექტრომობილების ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდება.

No comments:

Post a Comment