Saturday, July 3, 2010

”ტოიოტა” ჰიბრიდულ სპორტულ ავტომობილებს გამოუშვებს

Toyota Prepares Hybrid Supra, MR2

3 ივლისი

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ტოიოტა” მალე აღადგენს თავის ორ სპორტულ მოდელს - ”სუპრას” და MR2-ს, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია, აღარ აწარმოებს. ამასთან, ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოქარის” ინფორმაციით, იაპონური კომპანია ორივე ავტომობილს ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვავს.

ამავე ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”ტოიოტა MR2” ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდება. ეს ავტომობილი აღიჭურვება ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც ელექტროძრავს ბენზინის 1.5-ლიტრიანი აგრეგატი შეუწყვილდება. არადა, ამ ავტომობილისთვის იაპონურ კომპანიას თავიდან ბენზინის V6 ძრავის გამოყენება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბაზარზე ”ჰონდას” CR-Z-ის გამოჩენის შემდეგ, რომელიც უმალ გახდა პოპულარული, გადაწყდა, რომ MR2 ჰიბრიდული აგრეგატით დაბრუნებულიყო.

სხვათა შორის, MR2-ის წარმოების განახლების მთავარი მოთავე იყო ”ტოიოტას” ავტომობილების მთავარი გამომცდელი ჰირომუ ნარუსე, ვინც რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ავტოდრომ ნურბურგრინგის მახლობლად, სუპერ ავტომობილ ”ლექსუს LFA-ს” ახალი მოდიფიკაციის ტესტირებისას დაიღუპა.

რაც შეეხება ”ტოიოტა სუპრას”, ის კონცეპტუალურ მოდელ”ტოიოტა FT-HS-ის” (სურათზე) სტილში შესრულდება. ეს კონცეპცია პირველად საზოგადოების წინაშე სამი წლის წინ გამოჩნდა და კარგი გამოხმაურებები მიიღო. ”ავტოქარი” გვატყობინებს, რომ ”სუპრას” შემუშავება კუპე FT-86-ს ბაზაზე სერიული მოდელის შექმნის პარალელურად ხდება. ამ ავტომობილით კი იაპონური კომპანია პოპულარულ ჰეჩბეკ AE86-ს შეცვლის.

მოსალოდნელია, რომ ახალ ”სუპრაზე” ჰიბრიდული სისტემა წინ განლაგდება, წამყვანი კი უკანა ბორბლები იქნება. ჰიბრიდულ სისტემაში კი ბენზინის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი და ელექტროძრავები შევა. მისი ჯამური სიმძლავრე კი 400 ცხენის ძალას მიაღწევს.

No comments:

Post a Comment