Sunday, September 5, 2010

”შევროლე კრუზი” ჰეჩბეკის ძარით პარიზში გაგვეცნობა

Chevrolet Cruze Hatcback Debuting in Paris

5 სექტემბერი

”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ პარიზის საავტომობილო შოუზე, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ექსპონატი ”შევროლე კრუზის” ჰეჩბეკისძარიანი ვერსიის პროტოტიპი იქნება, რომლის გაყიდვებიც მერმისს უნდა დაიწყოს. ჰეჩბეკი სპეციალურად, ევროპული ბაზრისთვისაა მომზადებული, რადგან ძველ კონტინენტზე ასეთი ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

”შევროლე” ახალ ავტომობილს შოუ ქარის ვერსიის სახით წარადგენს, თუმცა აშკარაა, რომ ჰეჩბეკი ”შევროლე კრუზი” წარმოებისთვის პრაქტიკულად გამზადებული ავტომობილია. წინა ნაწილით ის ძლიერ ჰგავს თავის სედანისძარიან ვარანტს, უკნიდან კი ”ოპელ ასტრასთან” მსგავსებაც შეინიშნება.

ჰეჩბეკი ”კრუზი” სედანისგან იმითაც განსხვავდება, რომ მისი სახურავის უკანა ნაწილი დახრილია, რაც ავტომობილს სპორტულ იერს ანიჭებს. ამერიკულ კომპანიას ჯერ ჰეჩბეკის ინტერიერის ფოტოები არ გაუვრცელებია, თუმცა ახლავე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ის სედანის სალონის იდენტური იქნება. სამაგიეროდ, მოკლე რელიზში ნათქვამია, რომ ამ ავტომობილის საბარგულის მოცულობა 400 ლიტრს აღწევს, უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სალონის გარდა, ჰეჩბეკი სედანისგან ძრავების გამასაც გაიზიარებს, რომელშიც ბენზინის ორი და ერთიც დიზელის ძრავი შედის. ბენზინის აგრეგატების მუშა მოცულობა 1.6 და 1.8 ლიტრია და ისინი შესაბამისად, 113 და 141 ცხენის ძალას იძლევიან. რაც შეეხება დიზელს, ის 2.0-ლიტრიანია და 123 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

”შევროლეს” ევროპული შტოს პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი უეინ ბრენონი იმედოვნებს, რომ ”კრუზის” ჰეჩბეკისძარიან ვერსიას, ევროპაში მისი კომპანიის გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია. ”ბევრ ბაზარზე, ჰეჩბეკები ძალიან პოპულარულია. მაგალითად, ევროპაში კომპაქტურ სეგმენტში წლიურად დაახლოებით 4.8 მილიონი ავტომობილი იყიდება, რაც მთლიანი ბაზრის დაახლოებით მეოთხედს აღწევს. კომპაქტურ სეგმენტში კი დაახლოებით 65% ჰეჩბეკებზე მოდის. ამ ავტომობილის გაყიდვების დაწყებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ევროპულ ბაზარზე სერიოზული მოთამაშეები ვართ”.

ჰეჩბეკ ”კრუზის” გარდა, პარიზულ გამოფენაზე, ”შევროლეს” ექსპოზიციაში ასევე მრავალმხრივი დანიშნულების მოდელ (მინივენი, მონოკაბი) ”შევროლე ორლანდოს”, მცირედ სახეშეცვლილ უგზოობის ”შევროლე კაპტივას” და ახალი ”ავეოს” ხილვა იქნება შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment