Sunday, October 3, 2010

”მინი ქანთრიმენი” რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

2010 Paris Auto Show: MINI Countryman WRC

3 ოქტომბერი

”მინი” რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება, სადაც თავისი უახლესი მოდელით, ქროსოვერ ”ქანთრიმენით იასპარეზებს. რბოლებისთვის ავტომობილს კი ინგლისური კომპანია ”პროდრაივი” ამზადებს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, საჩემპიონო მანქანებს ”სუბარუსთვის” ქმნიდა.

”მინიმ” პირველი სარბოლი ავტომობილი პარიზის ავტო შოუზე გამოფინა, სადაც გამოცხადდა, რომ ეს მანქანა მომავალი სეზონის რეგლამენტის შესაბამისადაა მომზადებული. მომავალი სეზონი ”მინისთვის” მხოლოდ სავარჯიშო იქნება და ამიტომ, გუნდი მხოლოდ რამდენიმე ეტაპზე იასპარეზებს, მისი ერთ-ერთი მანქანის საჭეს კი ბრიტანელი კრის მიიკი მიუჯდება. 2012 წლის სეზონში კი ყველა ეტაპზე მონაწილეობა იგეგმება.

”პროდრაივის” შეფი დევიდ რიჩარდსი იქადნის, რომ ”მინის” გუნდი თავისი პირველი სრული სეზონიდანვე ჩაერთვება ტიტულისთვის ბრძოლაში. პარალელურად, მისი კომპანია ამ მანქანას სხვა, კერძო გუნდებსაც მიჰყიდის და მათაც მოემსახურება, რაც ”პროდრაივს” მანქანის სრულყოფაში დაეხმარება.

სარბოლი ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედ რეგლამენტს შეესაბამება. მასთან შეწყვილებულია სერია Xტრეკის 6-საფეხურიანი სექვენტალური გადაცემათა კოლოფი. სარბოლი ”მინი” მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სერია S2000-ის რეგლამენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატში (WRC) მონაწილეობის უფლებაც ექნება. შესაბამისად, მის სახელწოდებას აბრევიატურა WRC-ც დაემატება.

”პარიზის საავტომობილო გამოფენა საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ ეს მანქანა ყველას ვაჩვენოთ. გამოხმაურება ცნობაზე, რომ ჩვენ რალის მსოფლიო ჩემპიონატს ვუბრუნდებით, ძალიან დადებითი იყო. ეს ჩემპიონატი იმის შესანიშნავი საშუალებაა, რომ ჩვენმა კომპანიამ თავისი მებრძოლი სულისკვეთება გამოავლინოს. მანქანის მომზადების პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ სერიული ”მინი ქანთრიმენი” მისთვის შესანიშნავი ბაზისი გამოდგა”, - პარიზის ავტო შოუზე გამოსვლისას განაცხადა ”ბეემვეს” მმართველი საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა, ვინც გერმანული კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების საქმეებს განაგებს.

No comments:

Post a Comment