Sunday, October 3, 2010

”კია პოპი” კორეული ჯუჯა ელექტრომობილი პარიზში

Kia POP Concept

3 ოქტომბერი

კორეულმა კომპანია ”კიამ”, პარიზის საავტომობილო შიუსთვის ჯუჯა ელექტრომობილი ”პოპ-ი” მოამზადა. ეს არის სამადგილიანი მანქანა, რომელიც კონცეპტუალურ ”რეის” სტილშია შესრულებული. თავის მხრივ, კორეელებმა ”რეი” წლის დასაწყისში, ჩიკაგოს ავტო შოუზე გვიჩვენეს. ”კიას” განმარტებით, ”პოპ-ში” ”მომავლის ურბანული ელექტრომობილის ხედვაა ასახული”.
შესაძლოა, ამ ავტომობილის გარეგნობა ბევრს არ მოეწონოს და მას ზედმეტად არაამქვეყნიური უწოდოს, მაგრამ თქმა არ უნდა, მის მსგავსს ვერც გზებზე ნახავთ და ვერც სხვა კომპანიების კონცეპტუალურ ნამუშევრებს შორის. ”კიას” დიზაინის შეფ პეტერ შრაიერის თქმით, ”პოპ-ი” ისე გამოიყურება, როგორიც შეიძლება იყოს შემდეგი თაობის ავტომობილების მომდევნო მოდელები. ანუ, იმ დროის ავტომობილები, რომლებსაც მწარმოებლები უკვე ელექტრომობილების ერაში გამოუშვებენ.

რა თქმა უნდა, ”პოპ-ს” საერთო არაფერი აქვს ”კიას” ახლანდელ კორპორატიულ სტილთან. ისიც საეჭვოა, ამ კონცეპციის დიზაინიდან რაიმე ელემენტი კორეული კომპანიის მოდელებზე უახლოეს მომავალში ვიხილოთ. ეს უფრო მომავლის ფორმების ძიებაა და ამ ძიებაზე საზოგადოების აზრის შესწავლის მცდელობა.

გამოფენაზე, ”კიას” ამ კონცეპტუალური ავტომობილის ინტერიერზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა იმის ვარაუდი მაინც შეიძლება, რომ სერიულ მანქანებზე მსგავსი რამ არ გადავა. სალონში ყველაზე საინტერესო სავარძლების განლაგებაა - ორი მათგანი წინაა მოთავსებული, მესამე კი - მათ უკან.

”პოპ-ს” კარებები ქვევიდან ზევით, ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილში ეღება, როგორც ეს ”ლამბორგინის” ავტომობილებზეა. სალონში ყველაფერი მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. ანუ, საჭის რგოლის გარდა, იქ თითქმის ვერ ნახავთ მართვის დამხმარე საშუალებებს და მაჩვენებლებს. მათ მაგივრობას კი უნივერსალური თაჩ-სქრინ მონიტორი ასრულებს.

ავტომობილი ჯუჯა ზომებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 3.00, სიგანე 1.74, სიმაღლე 1.49, ბაზა კი 2.055 მეტრია. ”პოპ-ი” საკმაოდ მძლავრი, 68-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 190 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც გამოიმუშავებს. ძრავს ენერგიით ლითიუმ პოლიმერული აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელსაც სრული დამუხტვისთვის 6 საათი ესაჭიროება. მაღალი ძაბვის დამმუხტავი კი მას ენერგიით ნახევარ საათში ავსებს. ”კია პოპ-ის” მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევს, მისი სვლის სიშორე კი 140 კილომეტრია.

No comments:

Post a Comment