Wednesday, October 27, 2010

”ბეემვემ” შეიძლება დიდი გადაჯგუფება ჩაატაროს

BMW 1-Series To Be Rebadged 2-Series For Next-Gen Model?

27 ოქტომბერი

დიდი ხანია, ”ბეემვემ” დაადასტურა, რომ ახალი, წინა წამყვანბორბლიანი მოდელის შექმნა დაწყებული აქვს, ავტომობილისა, რომელმაც კომპანიის საწარმოო პროგრამაში, ახლანდელი 1-ლი სერიის მოდელზე დაბალი საფეხური უნდა დაიკავოს და კონკურენცია ”აუდი A1-ს” და ”მერსედესის” შემდეგი თაობის A-კლასს გაუწიოს. მაგრამ ბავარიულ კომპანიას მოულოდნელი პრობლემა შეექმნა - თუ თავისი ავტომობილებისთვის სახელების დარქმევის ახლანდელ ტრადიციას გააგრძელებს, ახალ ავტომობილს 0-სერია უნდა უწოდოს. მაგრამ ეს გამორიცხულია.

თუმცა არსებობს გაცილებით უკეთესი გამოსავალი. კერძოდ, ახლანდელი 1-ლი სერიის შემდეგი თაობის მოდელს მე-2 სერია ეწოდოს, რითაც სრულიად ახალი მოდელისთვის სახელი გამოთავისუფლდება და მას პირველ სერიას დაარქმევენ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც მოვლენათა ამგვარი განვითარების ვარაუდის საფუძველს იძლევა.

ახლახანს, ბავარიულმა კომპანიამ, აშშ-ში სავაჭრო ნიშნები - 228, 230 და 235 გაიფორმა. ამ რიცხვებს პირველ ციფრად 2-ის ნაცვლად 1 რომ დავუწეროთ, ახლანდელი 1-ლი სერიის ძრავების შესაბამის გამას მივიღებთ. ირიბად ეს იმის მანიშნებელია, რომ ამერიკაში ახლანდელ პირველ სერიას, მე-2 სერიად გადაკეთება ელის. ამ ვარაუდს ის ფაქტორიც ამყარებს, რომ იმავე ამერიკაში, ”ბეემვემ” აღნიშვნა M2 დააპატენტა. ამ ინფორმაციას კი ისეთი ავტორიტეტული გამოცემა ავრცელებს, როგორიც ”ქარ ენდ დრაივერია”.

ამავე გამოცემის ვარაუდით, ბავარიელები ამ ცვლილებებს მერმისსვე განახორციელებენ, როცა მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია ჩაუტარდება ახლანდელი 1-ლი სერიის კუპესა და კაბრიოლეტს. სავარაუდოდ, ბავარიელები მათ მე-2 სერიის სახელით გაგვაცნობენ.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ”ბეემვემ” და ”პეჟო-სიტროენმა” ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ისინი ახალ ჰიბრიდულ სისტემას ერთობლივად შეიმუშავებენ. ეს სისტემა სწორედ წინა ამძრავიანი ავტომობილებისთვის იქნება განკუთვნილი და მას ბავარიელები ახალი მოდელისთვის გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment