Wednesday, October 27, 2010

”ლამბორგინი” ლათინური ამერიკიდან მეორე თაობის ”მიურას” გამოუშვებს

Lamborghini Latinoamérica SA to Build Miura II

27 ოქტომბერი

ეს ნამდვილად არ ვიცოდი - თურმე ქვეყნად ორი ”ლამბორგინი” არსებობს, ერთი იტალიურია, ის ლეგენდარული კომპანია, რომლის ავტომობილებზეც ყველა ოცნებობს და რომელიც დღეს გერმანული ”ფოლკსვაგენის” დიდი ოჯახის წევრია, მეორე კი მექსიკიდანაა, რომელსაც ქვეყნად ბევრი არავინ იცნობს, მაგრამ ისეთი სუპერავტომობილების წარმოებას გეგმავს, თვით სანტ’აგატა ბოლონეზელებიც კი გაკვირვებულები დარჩებიან.

თანაც, ამ ლათინურამერიკული ”ლამბორგინის” მოდელს, რომლის წარმოების დაწყებასაც ის უახლოეს მომავალში აპირებს, არც მეტი, არც ნაკლები, სახელად ”მიურა II-ს” არქმევენ, სახელს, რომელმაც თავის დროზე, იტალიურ ბრენდს სახელი გაუთქვა და ის თითქმის ისეთივე პოპულარული გახადა, როგორიც ”ფერარია”. გარდა ამისა, ”ლამბორგინი ლატინოამერიკა” (კომპანიის სრული სახელწოდებაა აუტომოვილეს ლამბორგინი ლატინოამერიკა SA) კიდევ ორ კონცეპტუალურ მოდელს - ”კოუტლს” და ”ალარს” ამზადებს.

თავის დროზე, მექსიკურმა კომპანიამ, ნამდვილი ”ლამბორგინის” ლეგენდარულ მოდელ ”დიაბლოს” და მისი მოდიფიკაციების წარმოების უფლება მოიპოვა. ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც იტალიურ კომპანიას პატრონი ძალიან ხშირად ეცვლებოდა.

ერთხელ ის ნაკლებად ცნობილ ინდონეზიურ კომპანია ”მეგატექს” ჩაუვარდა ხელში, მაგრამ ამათ საქმის განსავითარებლად ფული არ ეყოთ და ამიტომ, გარიგება დადეს მექსიკელ ბიზნესმენ ხორხე ანტონიო ფერნანდეს გარსიასთან და მის პარტნიორ ხოან ფერჩისთან. გარიგების ძალით, მექსიკელებს სახელ ”ლამბორგინის” გამოყენების უფლება გადაეცათ. კომპანიას სახელად ”აუტომოვილეს ლამბორგინი ლატინოამერიკა” შეარქვეს და მას მოდელ ”დიაბლოს” წარმოების უფლებაც მიენიჭა. გარდა ამისა, მექსიკურ ”ლამბოს” საკუთარი კონცეპციების შექმნის უფლებაც ჰქონდა.

რაც შეეხება მოდელ ”მიურას”, მან ”ლამბორგინი” სუპერ კომპანიად აქცია. როგორც ამბობენ, ამ ავტომობილით, იტალიურმა კომპანიამ დროს გაუსწრო და ისეთ კომპანიებსაც გაუჩინა შურის გრძნობა, როგორებიც ”ფერარი” და ”მაზერატია”. ”მიურა” აგრესიული გარეგნობით გამოირჩეოდა და მისი სახელიც შესაბამისი იყო - მიურა ესპანური კორიდის ხარების ჯიშის სახელია. ”მიურა” იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელმაც სუპერ ავტომობილების კლასს დაუდო სათავე. მას ძრავი ბაზაში ჰქონდა განლაგებული, სალონში კი მხოლოდ ორი ადგილი იყო.

შემდეგ ”ლამბორგინი” გერმანულ ”ფოლკსვაგენს” ჩაუვარდა ხელში, რომელმაც მექსიკური კომპანიისგან ადრე დადებული კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა. დავა სასამართლოში გაგრძელდა და ის ჯერაც არ დასრულებულა. თუმცა, ამის მიუხედავად, მექსიკის მთავრობამ ”ლამბორგინი ლატინოამერიკას”, ახალი ფაბრიკის ასაშენებლად, შეღავათიანი კრედიტი გამოუყო.

ახალი ”მიურას” შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. მექსიკურმა ”ლამბომ” მისი ჯერ მხოლოდ ესკიზები გაავრცელა. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ კომპანია უგზოობის სრულამძრავიანი მოდელის წარმოებასაც გეგმავს, რომელსაც სახელად ”გრეიტ ბულს” (დიდ ხარს) დაარქმევენ.

No comments:

Post a Comment