Saturday, December 4, 2010

”მასტრეტა MXT” - მექსიკური სპორტქარი

Mexico-Developed Mastretta MXT Poised for 2011 Debut

5 დეკემბერი

ოთხწლიანი წვალების შემდეგ, მექსიკელმა ინჟინრებმა თავი მოაბეს თავიანთი ქვეყნის ისტორიაში პირველი სპორტული ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებას. მათი ნახელავის პირველად ხილვის საშუალება კი პარიზის საავტომობილო შოუს დამთვალიერებლებს ჰქონდათ.

პირველივე შეხედვისთანავე აშკარაა, რომ ”მასტრეტა MXT” - ასე ჰქვია პირველ მექსიკურ სპორტქარს, ერთბაშად ორ ანალოგიური კლასის ავტომობილს, ”ლოტუს ელისსა” და ”ოპელ სპიდსტერს” ჰგავს. მამოძრავებელ ძალას კი მას ”ფორდის” წარმოების ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავი (სერია დურატეკი) ანიჭებს, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, 240 ცხენის ძალას ავითარებს.

”მასტერტას” მწარმოებელი ირწმუნება, რომ ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/სთ-ს აღწევს. ერთ დროს, ასეთი მონაცემებით, ნებისმიერი ავტომწარმოებელი იტრაბახებდა, მაგრამ დღეს ამით ვერავის გააკვირვებ. თუმცა, ”მასტრეტას” მაინც შეუძლია დაიტრაბახოს, რომ თავის მფლობელს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს - ”ლოტუს ელისის” მსგავსად, ისიც მოსახვევებში შესაშური მდგრადობით გამოირჩევა, რასაც სიჩქარის გურმანები ძლიერ აფასებენ.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ავტომობილს სახელი მისმა შემქმნელებმა, ძმებმა, დანიელ და კარლოს მასტრეტებმა, თავიანთი გვარის შესაბამისად მისცეს. ისე კი, მათს კომპანიას ”ტექნოიდეა” ჰქვია და ის იმ ავტობუსების დიზაინსა და კონსტრუქციებზე მუშაობს, რომლებსაც მექსიკო სიტისთვის უკვე 20 წელია, ”მერსედეს ბენცი” და ”ინტერნეიშნლი” აწარმოებენ.

ავტომობილი ძალიან მსუბუქია, ეს კი შესაძლებელი გახდა მის კონსტრუქციაში ალუმინის იმ შენადნობთა გამოყენებით, რომლებსაც ავიაკოსმოსურ სფეროში მომუშავე კომპანიები იყნებენ. იმავდროულად, ინჟინრებმა თავიანთი მანქანა არაერთი თანამედროვე ელექტრონული სისტემით აღჭურვეს, ისეთითაც კი, როგორიც გლობალური პოზიციონირების სისტემაა (GPS).

მწარმოებლის განცხადებით, ”მასტრეტათი” დაინტერესება უკვე გამოთქვეს ინგლისში, გერმანიასა და იტალიაში. ”ტექნოიდეა” მალე სადისტრიბუციო ხელშეკრულებებს ამერიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გააფორმებს. ჯერ მხოლოდ 100 ცალი MXT-ის დამზადება იგეგმება, თუმცა მასზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წარმოების მოცულობა გაიზრდება. რაც შეეხება ფასს, ის ისეთია, რომ ”მასტრეტამ” ”ლოტუს ელისთან” კონკურენცია შესძლოს - 55 000 დოლარი.

No comments:

Post a Comment