New Hyundai Veloster Turbo with 201HP Eyes the VW Golf GTI and Mini Cooper S
13 იანვარი
ესეც ასე! „ჰიუნდაიმ“ თავისი კუპე „ველოსტერი“ ტურბოკომპრესორით აღჭურვა. ისე, ამ ავტომობილისთვის ტურბინიანი ძრავი ადრევე უნდა გაემეტებინათ, თუმცა კორეელები ასე რომ არ მოიქცნენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ, პრაგმატულობის გამო გააკეთეს – სანამ პირველ ველოსტერს ფეისლიფტინგის დრო მოუვა, მასზე სიახლეები ხომ უნდა შესთავაზონ მყიდველს. ჰოდა, პირველი სიახლე სწორედ ტურბო ძრავია. „ველოსტერ ტურბო“ ის ავტომობილია, რომლითაც „ჰიუნდაი“ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ფოლკსვაგენ გოლფ GTI–ს“ და „მინი კუპერ S–ს“.
„ველოსტერ ტურბო“ საბაზო ატმოსფერულ ვერსიაზე 30 მილიმეტრით გრძელი და 15 მილიმეტრით განიერია. სამაგიეროდ, ბორბლებს შორის ბაზა უცვლელი დარჩა. იმისათვის, რომ ის საბაზო ვერსიისგან ადვილად განასხვაოთ, შეიცვალა ავტომობილის წინა ნაწილის გაფორმება. მაგალითად, გაცილებით დიდი ფართობისაა რადიატორის ბადე, რამაც წინა ბამპერის ფორმის შეცვლა მოითხოვა. კაპოტზე სპეციალური სასუნთქები დაამატეს, საიდანაც ძრავის სექციაში დაგროვილი გადახურებული აირი გამოიდევნება. სხვანაირი ფორმა აქვს წინა და ნისლსაწინააღმდეგო ფარებსაც. ავტომობილი 18–დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც 215/40R18 ზომის საბურავებია გადაკრული. დაკიდევ, ავტომობილი მქრქალ ნაცრისფრადაა შეღებილი.
სალონში ტყავის სავარძლებს ნახავთ, რომლებსაც წარწერა „ტურბო“ ამშვენებს. ძრავის გაშვება სპეციალური ღილაკით ხდება. ტაქსომეტრსა და სპიდომეტრს შორის, უფრო დიდი ზომის ეკრანი მოათავსეს, სატერფულები კი ალუმინისაა, როგორც სარბოლ ავტომობილებში.
ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 1.6–ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ტურბინა წყვილგრაგნილიანია, რაც მის ეფექტურობას აუმჯობესებს. ძრავის სიმძლავრე 201 ცხენის ძალაა (6000 ბრ/წთ–ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 264 ნიუტონმეტრი (1750–4500 ბრ/წთ–ზე). ამგვარად, ეს აგრეგატი, თავის ატმოსფერულ ვერსიაზე 63 ცხენის ძალით მძლავრია.
ძრავი ახალი კოლექტორით და გამოსაბოლქვი სისტემით აღიჭურვა, ნამუშევარი აირი კი ჰაერში ორი შეტყუპებული მილით გამოიტყორცნება. ამგვარად, ძრავს უფრო აგრესიული ხმა ექნება, რასაც ტრანსმისიის გადაცემების შეცვლისას, ტურბინის ხმაურიც დაერთობა.
ავტომობილს წამყვანი წინა ბორბლები აქვს. სტანდარტულ შესრულებაში, მათ გადამუშავებული მაბრუნი მომენტით 6–საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ამარაგებს. გარდა ამისა, შეკვეთით შესაძლებელია 6–საფეხურიანი ავტომატური კოლოფის დაყენება, რომლის საფეხურების შეცვლაც, საჭის უკან მოთავსებული ბერკეტებით შეიძლება.
„ჰიუნდაის“ „ველოსტერ ტურბოს“ დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, რელიზში მისი ხარჯის მონაცემებია შეტანილი. კერძოდ, მექანიკური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი, ქალაქში 100 კილომეტრს 8.8 ლიტრი საწვავით გადს, მაგისტრალზე კი 6.3 ლიტრიც ჰქოფნის.
„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ „ველოსტერის“ ტურბო ვერსიისთვის, მისი საკიდარი არ შეუცვლია. წინა ბორბლებს ისევ მაკფერსონის სვეტები ემსახურება, უკანებს კი ტორსიონული ღერძი. სამაგიეროდ, შეცვლილია საჭის მექანიზმი – ტურბო ვერსიას უფრო მკვეთრი საჭე აქვს, რაც მას უფრო ინფორმატიულს ხდის და ასე, ექსტრემალურ სიტუაციებში, მანქანის კონტროლიც უმჯობესდება.
No comments:
Post a Comment