Tuesday, August 30, 2011

”ფიატ პანდა” მეორედ იცვლება


Fiat’s 2012 Nuova Panda to Fight for City-Car Supremacy
30 აგვისტო
უკვე 31 წელია, რაც ”ფიატი” პატარა ავტომობილს სახელად ”პანდას” უშვებს და ის იმდენად პოპულარულია, რომ ტურინელებმა სულ ერთხელ შეცვალეს. წელს კი მესამე თაობის ”პანდას” ჯერ დადგა. ”ფიატს” ეს ავტომობილი ფრანკფურტის მოტორ შოუზე საპრემიეროდ აქვს მომზადებული, თუმცა მანამდე მის შესახე ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა.

”პანდას” საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: ”ფიატის” საწარმოო პროგრამაში ის 1980 წელს გამოჩნდა. სამი წლის შემდეგ, ბაზარზე მისი სრულამძრავიანი ვერსია გამოვიდა, კიდევ სამი წლის შემდეგ, ის დიზელის აგრეგატით აღჭურვეს, დწბიუტიდან ათი წლის შემდეგ კი მისი ელექტრული ვერსიაც კი გამოჩნდა (ელეტრა).
პირველმა ”პანდამ” ბაზარზე მცირე მოდიფიკაციებით 2003 წლამდე დაჰყო. შემდეგ ის მეორე თაობის ”პანდამ” შეცვალა და მაშინვე ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის ტიტულსაც დაეუფლა. სულ მთელს მსოფლიოში 6.5 მილიონი ”პანდაა” გაყიდული, რაც ამ პატარა ავტომობილის პოპულარობაზე მეტყველებს. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისმა პოპულარობამ, დიდწილად განაპირობა ”ფიატის” სამოდელო გამაში კლასიკური იკონური 500-ის დაბრუნება.
წინამორბედთან შედარებით, ახალი ”პანდა” (იტალიურად ნუოვა პანდა) გაბარიტებში გაზრდილია. მისი სიგრძე 3650 (წინა პანდა 3538 მმ), სიგან 1640 (1578 მმ), სიმაღლე კი 1550 მილიმეტრია (1450 მმ). ძარა ხუთკარიანია. გაბარიტების ზრდა დადებითად აისახა ინტერიერის მოცულობაზე. გაიზარდა საბარგული. საჭიროების შემთხვევაში, უკანა სავარძლები იკეცება და ბარგისთვის დამატებით ადგილი წარმოიქმნება. ასევე შესაძლებელია წინა სამგზავრო სავარძლის დაკეცვა და ამ შემთხვევაში, ის მაგიდის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება სალონში დიდგაბარიტიანი ბარგის მოთავსება.
ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის ოტხი აირბალიში და მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა. ისევე როგორც მეორე თაობის ”პანდაზე”, წინა საკიდარი მაკფერსონის საყრდენებზე დგას, უკან კი ტორსიონული სისტემაა გამოყენებული.
სამაგიეროდ, ბევრი სიახლეა ძრავების გამაში. პატარა საქალაქო ავტოს მყიდველს, არჩევანის გაკეთება ექვს აგრეგატს შორის მოუწევს. მათგან სამი სუფთა ბენზინზე მუშაობს, ერთი დიზელზე და ორი - ბენზინსა და მეთანზე. ბენზინის ორი ორცილინდრიანი ძრავის (ტუინეარ) მუშა მოცულობა 0.9 ლიტრია. მათგან ერთი ატმოსფერულია, მეორე კი ტურბოდამჭირხნიანი. პირველის სიმძლავრე 65 ცხ.ძ, მეორისა კი 85 ცხენის ძალაა. ბენზინის მესამე აგრეგატი ოთხცილინდრიანია, მუშა მოცულობა 1.2 ლიტრი, სიმძლავრე - 69 ცხ.ძ. დიზელის აგრეგატი (მულტიჯეტ) 1.3-ლიტრიანია და ის 75 ცხენის ძალას ავითარებს. ამასთან, ასეთი ძრავით აღჭურვილი ავტომობილის საბაზო აღჭურვილობაში, სისტემა სტოპ/სტარტიც შევა. ბენზინსა და მეთანზე მომუშავე აგრეგატები 0.9 და 1.2-ლიტრიანია.
ყველა ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ოპციის სახით კი შესაძლებელი იქნება ნახევრად ავტომატური კოლოფის დაყენება. მოგვიანებით, სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილი ”პანდას” წარმოებაც დაიწყება. ავტომობილი ასევე მიიღებს აქტიური უსაფრთხოების სისტემას, რომელიც 30 კმ/სთ-მდე სიჩქარით გადაადგილებისას, შესაბამისი საფრთხის დაფიქსირების შემთხვევაში, დამოუკიდებლად მუხრუჭებს აამოქმედებს.
”ნუოვა პანდას” წარმოება ნოემბერში დაიწყება. მას ”ფიატ-ის” ნაპოლური ქარხანა პომილიანო დ’არკო გამოუშვებს, რომელსაც ახლახანს ჩაუტარდა მოდერნიზაცია.

No comments:

Post a Comment