Monday, November 15, 2010

”პონტიაკმა” არსებობა შეწყვიტა

Pontiac, maker of muscle cars, ends after 84 years

15 ნოემბერი

”პონტიაკს” განსაკუთრებული პოპულარობა მასკლ ქარმა GTO-მ მოუპოვა

..............................

2010 წლის 31 ოქტომბერს, ”ჯენერალ მოტორსის” კიდევ ერთმა ძველმა ბრენდმა, ”პონტიაკმა” არსებობა შეწყვიტა. ამ დღეს, 84 წლის კომპანიის ბოლო ავტომბილი გაიყიდა. ამ დღესვე, ”ჯენერალ მოტორსსა” და მის დილერებს შორის კონტრაქტები დასრულდა.

”პონტიაკის” გაჩერების გადაწყვეტილება ”გენერლებმა” შარშან აპრილში მიიღეს, როცა აშკარა გახდა, რომ კომპანიის მართვადი გაკოტრების რეჟიმში გადაყვანა გარდაუვალი იყო. ამგვარად, ”ჯენერალ მოტორსის” ჯგუფში მხოლოდ ოთხი ამერიკული ბრენდი - ”შევროლე”, ”კადილაკი”, ”ბიუიკი” და GMC დარჩა.

”პონტიაკის” ისტორიაში საუკეთესო 1968 წელი იყო, როცა კომპანიამ მილიონი ავტომობილი გაყიდა. მაგრამ ორი წლის წინ, გაყიდვები 267 ათასამდე დაეცა, წელს კი ”პონტიაკის” გაყიდვებმა ”გენერლების” გაყიდვების ერთ პროცენტზე ნაკლები შეადგინა.

”პონტიაკის” ავტომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი კლების ძირითად მიზეზად სპეციალისტები ბრენდის განვითარების არასწორ სტრატეგიას ასახელებენ. ამ სტატეგიის მიხედვით, ბოლო პერიოდში, ”პონტიაკი” ”შევროლეს” სახეშეცვლილ ავტომობილებს აწარმოებდა. ამგვარად, კომპანიას ახალი ავტომობილების შემუშავება არ უწევდა და დიდ სახსრებს ზოგავდა, თუმცა პარალელურად, მისი პროდუქცია მყიდველისთვის არასასურველი ხდებოდა. ”ჯენერალ მოტორსის” ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ბობ ლუცი ამბობს, რომ ასეთმა სტრატეგიამ უარყოფითად იმოქმედა ”პონტიაკის” იმიჯზე.

”ბოლო ”პონტიაკებს” ვნებიანობა აკლდათ, ჩანდა, რომ მის მწარმოებელს კარგი პროდუქტის შექმნის ხალისიც არ ჰქონდა. ეს უბრალოდ იყო პროდუქტი, რომელიც კორპორატიულ სისტემაში უნდა ჩამჯდარიყო და მეტი არაფერი”, - გამოცემა დეტროიტ ნიუსთან საუბრისას განაცხადა 80-იან წლებში ”პონტიაკის” ხელმძღვანელმა ბილ ჰოგლუნდმა.

შტატ მიჩიგანის ქალაქ ორიონის ქარხანმ ბოლო ”პონტიაკი” ერთი წლის წინ გამოუშვა. ეს იყო თეთრი სედანი G6. რაც შეეხება კომპანიის ქარხნებს, იქ ”ჯენერალ მოტორსი” თავისი სხვა ბრენდების ავტომობილებს გამოუშვებს. იქაური პერსონალი კი ქარხნების გადაიარაღებაზე დასაქმდება.

ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინ, ”ჯენრალ მოტორსმა” კომპანია ”ოლდსმობილი” გააჩერა. შარშან კი სასიკვდილო განაჩენი ”სატურნს” გამოუტანა, ბრენდს, რომელიც 1988 წელს, იაპონურ იაფფასიან ავტომობილებთან საკონკურენციოდ შეიქმნა. ”სატურნის” შეძენა თავიდან აშშ-ში მომუშავე მეორე უდიდეს სადილერო კორპორაცია ”პენსკეს” სურდა, თუმცა შემდეგ ამისგან თავი შეიკავა. ”გენერლებმა” თავიდან მოიშორეს ასევე შვედური ”სააბი” და უგზოობის ავტომობილების მწარმოებელი ”ჰამერი”. ამ უკანასკნელის შეძენ ჩინელებს სურდათ, თუმცა შემდეგ მათაც გადაიფიქრეს, რისი მიზეზიც ის ფაქტი გახდა, რომ ჩინეთის მთავრობამ გარიგებას მწვანე შუქი არ აუნთო.

”სააბი” სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ჰოლანდიურმა კომპანია ”სპაიკერმა” შეიძინა. კარგა ხანს, ამერიკულ საავტომობილო გიგანტს თავისი საუკეთესო ევროპული ბრენდის, გერმანული ”ოპელის” (და მასთან ერთად, ინგლისური ვოქსოლისაც) გაყიდვაც სურდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ხახამშრალი დატოვა რუსეთის პრემიერი პუტინი, ვინც უკვე ზეიმობდა იმას, რომ რუსების ხელში ისეთი მაღალტექნოლოგიური ავტომწარმოებელი ხვდებოდა, როგორიც ”ოპელია”.

No comments:

Post a Comment