”ჰიუნდაი გრანდერი” - კორეული ლუქსი
Hyundai Grandeur Officially Launched in
26 იანვარი

იმ დროს, როდესაც დეტროიტის ”კობო სენტერში” საავტომობილო შოუ გაიხსნა, კორეულმა საავტომობილო გიგანტმა ”ჰიუნდაიმ” საკუთარი ქვეყნის ბაზარზე, თავისი სამოდელო გამის ფლაგმანის, ახალ (მეხუთე თაობის) სედან ”გრანდერის” პრეზენტაცია ჩაატარა. პრეზენტაციას ”ჰიუნდაი მოტორის” პრეზიდენტი სტივ ეს. იანგი, 300 საპატიო სტუმარი და ჟურნალისტთა კოჰორტა დაესწრო.

”ჩვენი მსოფლიო-კლასის ტექნოლოგიებით და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მონდომებით, შესაძლებელი გახდა ახალი ”გრანდერის” შექმნა, ავტომობილისა, რომელიც პრემიუმ კასის სედანებს შორის მალე ლიდერის წოდებას მოიპოვებს. ახალი ”გრანდერი” ჩვენი პროდუქციის მომხმარებლის ყველანაირ ფუნქციურ და ემოციურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს”, - პრეზენტაციაზე განაცხადა იანგმა.
ახალი ”გრანდერი” ”ჰიუნდაის” სამოდელო გამაში, ”ჯენეზისსა” და ”სონატას” შორის არსებულ ნიშას დაიკავებს. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 910, სიგანე 1 860, სიმაღლე 1 470 და ბორბლებს შორის ბაზა 2 845 მილიმეტრი. ამგვარად, ის წინა თაობის ”გრანდერზე” 65 მილიმეტრით გრძელია.
კორეული ბაზრისთვის განკუთვნილ ”გრანდერს”, მყიდველს ორი ძრავით შესთავაზებენ. ესენია ”ლამბდა II” სერიის V6 კონფიგურაციის 3.0-ლიტრიანი GDI, რომელიც 266 ცხენის ძალას და 310 ნიუტონმეტრს იძლევა და ”თეტა II” სერიის 2.4-ლიტრიანი GDI, რომლის სიმძლავრე 198 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 250 ნიუტონმეტრია. პირველით აღჭურვილი ”გრანდერი” ერთი ლიტრი საწვავით 11.6 კილომეტრს გადის, მეორეთი კი - 12.8 კილომეტრს. ორივე ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს წინა წამყვან ბორბლებს აწვდის.
ახალი ”გრანდერი” უსაფრთხოების რამდენიმე მაღალტექნოლოგიური სისტემითაა აღჭურვილი. ესენია VDC (ვიიკლ დაინემიკ კონტროლ - მანქანის დინამიურობის კონტროლი), VSM (ვიიკლ სტაბილიტი მენეჯმენტ - მანქანის სტაბილურობის მართვა), TPMS (ტაია პრეშა მონიტორინგ სისტემ - საბურავის წნევის მონიტორინგის სისტემა) და ESS (ემერჯენსი სტოპ სიგნალ - საგანგებო გაჩერების სიგნალი). გარდა ამისა, სტანდარტულ ეკიპირებაში 9 აირბალიში (მათ შორის მძღოლის მუხლების დამცველი) შედის. სპეციალურად შემუშავებული სავარძლების წყალობით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული კისრის ტრავმის ალბათობა.
ავტომობილის ეკიპირებაში ასევე შევიდა პარკირების ნახევრად ავტომოტური დამხმარე სისტემა, საზრიანი კრუიზ-კონტროლი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ინარჩუნებს წინ მიმავალ მანქანასთან დაშორებას და საჭიროების შემთხვევაში, სედანის სვლის შენელება, ან სრული გაჩერებაც კი შეუძლია. დაკიდევ, ”გრანდერი” აღჭურვილია დისტანციური კომუნიკაციის სისტემით, რომელიც პატრონს მობილურით თავისი ავტომობილის შორიდან კონტროლის საშუალებას აძლევს.
No comments:
Post a Comment