Monday, January 24, 2011

დეტროიტის ავტო შოუ

NAIAS 2011

24 იანვარი

ვოლვო

შვედურ კომპანიას გამოფენაზე ერთობ უცნაური ექსპონატი ჰქონდა - მის სტენდზე დამტვრეული ელექტრომობილი C30 იდგა. და მას სარეკლამო დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, როგორც ”ვოლვოს” შეფი სტეფან ჯეკობი ამბობს, ამ უცნაური ჩვენების დანიშნულება ის იყო, რომ ყველა დაერწმუნებინა ელექტრომობილების უსაფთხოებაში. უფრო კონკრეტულად კი იმაში, რომ ელექტრომობილიც ისეთივე უსაფრთხო შეიძლება იყოს, როგორიც შიდაწვისძრავიანი ავტომობილია (რაშიც ვოლვო ტრადიციულად ძლიერია).

გამოფენაზე წარმოდგენილ დამტვრეულ ავტომობილს ქრეშ-ტესტი ”ვოლვოს” ტექნიკურ ცენტრში ჩაუტარდა. შეჯახების დროს, ელექტრომობილის აკუმულატორები სრულად დამუხტული იყო. ფრონტალური შეჯახება 64 კმ/სთ სიჩქარით მოხდა, მაგრამ არც აკუმულატორები, არც მაღალი ძაბვის კაბელები და არც ელექტრული ძალური დანადგარი არ დაზიანებულა. არადა, ადრე არსებობდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს, რომლებსაც ელექტრომობილებისთვის იყენებენ, გადახურების და გარე დაზიანების შემთხვევაში, აფეთქებისადმი მიდრეკილება აქვს.

რაც შეეხება ელექტრულ C30-ს, ის 111-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონურ აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 150 კილომეტრი გაიაროს. მწარმოებლის მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 10.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ს აღწევს. შვედური კომპანია ამ ავტომობილის 50 ეგზემპლარის საგზაო ტესტირებას მერმისს დაიწყებს.

ფოლკსვაგენი

დაგრძელებული ”ჯეტა” - ასე შეარქვეს ახალ ”პასატს”, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” სპეციალურად ამერიკის ბაზრისთვის შექმნა. იყო ვარაუდი იმისა, რომ გერმანული კომპანია ახალი ამერიკული მოდელისთვის სახელ ”პასატს” აღარ გამოიყენებდა, თუმცა ასე არ მოხდა, რასაც წმინდა პრაგმატული მოტივი აქვს - ახალი სახელის რეკლამირებაზე დიდი თანხა უნდა დახარჯულიყო, რაზეც ვოლფსბურგელები არ წავიდნენ.

უნდა ითქვას, რომ ესაა ყველაზე გრძელი ”პასატი”, რაც კი ”ფოლკსვაგენს” ოდესმე შეუქმნია. ავტომობილის სიგრძე 4 868 მილიმეტრამდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ავტომობილი ცუდად არ გამოიყურება, თუმცა მისი გარეგნობა არც არანაირ ემოციას არ იწვევს.

სამაგიეროდ, ის წინა თაობის ”პასატზე” დაახლოებით 8 000 დოლარით იაფი, 20 000 დოლარის ფარგლებში ეღირება. ახალ ”პასატს”, ახალ ”ჯეტასთან” ერთად, დიდი როლი ენიჭება გერმანული კომპანიის გეგმის შესრულებაში, რომელიც ამერიკაში გაყიდვების 800 ათასამდე გაზრდას ითვალისწინებს.

No comments:

Post a Comment