Wednesday, January 26, 2011

”ტოიოტა” ისევ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელია

Toyota remains world's largest automaker despite recalls

25 იანვარი

იაპონური კომპანია შარშანდელი მონაცემებითაც მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელია. უკვე სამი წელია, რაც ”ტოიოტამ” მსოფლიო ლიდერობა ”ჯენერალ მოტორსს” ჩამოართვა და მიუხდავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, დეფექტების გამო, მილიონობით ავტომობილის გახმობა მოუხდა, მაინც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას.

ლუქს ბრენდ ”ლექსუსის”, მინიავტომობილების მწარმოებელ ”დაიჰაცუს” და სატვირთოების მწარმოებელ ”ჰინოსთან” ერთად, ”ტოიოტამ” შარშან 8.42 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, 30 000-ით მეტი, ვიდრე ”ჯენერალ მოტორსმა”. წინა წელთან შედარებით, იაპონური კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 8 პროცენტითაა გაზრდილი. შედარებისთვის, 12-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა ”ჯენერალ მოტორსს”.

პედლების კვანძში აღმოჩენილი დეფექტების გამო, რომლებიც ავტომობილების მოულოდნელ აჩქარებას იწვევს, ”ტოიოტას” გაყიდვები ამერიკაში 0.4 პროცენტით, 1.76 მილიონამდე შემცირდა. სამაგიეროდ, ჩინეთის ბაზარზე, მისი გაყიდვები 29 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, იქვე ”ჯენერალ მოტორსს” გაცილებით მნიშვნელოვანი, 29-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა და ამერიკული კომპანიისთვის, ჩინეთი ყველაზე დიდი ბაზარი გახდა.

იაპონურ კომპანია TIW-ის ანალიტიკოსი სატორუ ტაკადა ამბობს, რომ ამერიკის ბაზარზე გაყიდვების კლებას რამდენიმე მიზეზი აქვს. მილიონობით ავტომობილის გახმობის გარდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მისი ტოპ მოდელები, განსაკუთრებით კი სედანი ”ქამრი”, განახლებას საჭიროებენ და ახლანდელი ციკლის ბოლო სტადიაში არიან.

”ჯენერალ მოტორსმა” შარშან ყველაზე მეტი, 2.35 მილიონი ავტომობილი ჩინეთში გაჰყიდა. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი ”მხოლოდ” 1.826 მილიონი იყო. გენერლებისთვის მეორე უდიდესი ბაზარი აშშ-ია, სადაც მათ 2.215 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლეს. ეს კი წინა წლის გაყიდვებთან შედარებით, 6.3 პროცენტით მეტია. ამერიკული კომპანიისთვის ყველაზე დიდი ბაზრები ბრაზილია და დიდი ბრიტანეთია. პირველში 657 ათასი ავტომობილი გაიყიდა (ზრდა 10.4%), მეორეში კი - 290 ათასი.

”ჯენერალ მოტორსის” ყველაზე გაყიდვადი ბრენდი ”შევროლეა”, რომლის ემბლემითაც შარშან 4.2700 მილიონი ავტომობილი (ზრდა 21.4%) გაიყიდა. ამერიკული კომპანიის ევროპული შტო ”ოპელ/ვოქსჰოლი” მეორეზეა 1.206 მილიონი (ზრდა 2.4%). გენერლების ჯგუფში შემავალ მარკებს შორის, მესამეზე ჩინური ”ვულინია”, რომელმაც 1.149 მილიონი ავტომობილის (ზრდა 14.8%) გაყიდვა შესძლო.

მესამე ადგილზეა ”ფოლკსვაგენი”, რომლის ანგარიშზეც, შარშან გაყიდული 7.14 მილიონი ავტომობილია (ზრდა 14%). ამგვარად, ვოლფსბურგელებმა იოლად შეინარჩუნეს ევროპის ლიდერობა. აქედან გერმანულმა კომპანიამ 1.54 მილიონი ავტომობილი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე გაჰყიდა, ეს კი 5.4%-ით ნაკლებია წინა წელს გაყიდული ავტომობილების (მხოლოდ ფოლკსვაგენის ბრენდით) რაოდენობაზე.

ცნობისათვის, ევროპაში მილიონზე მეტი ავტომობილის რეალიზება მხოლოდ ოთხმა კომპანიამ შეძლო. ”ფოლკსვაგენის” გარდა, ესენი არიან ”რენო” (1.138 მილიონი, ზრდა 4.5%), ”ფორდი” (1.118 მილიონი, კლება 13.3%) და ”პეჟო” (1.002 მილიონი, ზრდა 1.3%). სხვათა შორის, მოწინავე ათეულში, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის კიდევ ერთი კომპანია - ”აუდი” შედის, რომელმაც ძველ კონტინენტზე 600 ათასზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა (ზრდა 1.8%, მე-8 ადგილი).

დაბოლოს, ”ტოიოტას” მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ მათი კომპანია წელს დაახლოებით 8.6 მილიონ ავტომობილს გაჰყიდის. ”ფოლკსვაგენის” გეგმაში 7.5 მილიონი ავტომობილის რეალიზება შედის, ”ჯენერალ მოტორსს” კი ტავისი პროგნოზი ჯერ არ გამოუქვეყნებია.

No comments:

Post a Comment