Friday, January 28, 2011

სიჩქარის რეკორდს სამი გუნდი შეეჭიდება
Three Teams Fight for the World Land Speed Record
28 იანვარი

თითქმის 15-წლიანი პაუზის შემდეგ, სიჩქარის მსოფლიო რეკორდისთვის ბრძოლაში ერთბაშად სამი გუნდი ჩაებმება. სიჩქარის ახლანდელი რეკორდი - 1227.986 კმ/სთ (პირველი ზებგერითი რეკორდი), 1997 წელს, ბრიტანელი რიჩარდ ნოუბლის გუნდმა, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი, რაკეტის ფორმის მქონე ”ტრასტ SSC-ით” დაამყარა. სარეკორდო მანქანას ბრიტანელი სამხედრო მფრინავი ენდი გრინი მართავდა.

ახალი ორიენტირი, იმდენად მოქმედი რეკორდი კი არა, სიმბოლური 800 მილია საათში, რაც 1 287 კმ/სთ-ს უდრის. ამ ბარიერის გადალახვას, იმავე ნოუბლის გუნდი, ”ბლადჰაუნდ SSC-ით” აპირებს. მას კი კონკურენციას კანადურ-ამერიკული ”ნორთ ამერიკენ იგლ” და ავსტრალიური ”ოზი ინვეიდერ 5R” გაუწევენ. ამათგან საქმეს პირველი ამერიკული გუნი შეუდგება.

”სიჩქარის მსოფლიო რეკორდისთვის რბოლა დიდ საერთაშორისო ინტერესს იწვევს. როცა 1997 წელს ”ტრასტ SSC-მ” რეკორდი დაამყარა, ეს რბოლა მთელს მსოფლიოში მილისრდზე მეტმა ტელემაყურებელმა იხილა. ინტერნეტით კი მარტო ერთ დღეში, ეს გარბენი 3.5 მილიარდმა ადამიანმა ნახა”, - ამბობს გუნდ ”ნორთ ამერიკენ იგლის” მედია დირექტორი დაგლას შვარცი.
ჩრდილოამერიკული გუნდის სარეკორდო მანქანა, გადაკეთებული საბრძოლო თვითმფრინავი ”F-104 სტარ ფაითერია”, რომელსაც ავიატორები ხშირად ”ჭურვს, მასში მჯდარი ადამიანით”, ეძახიან. ამ მანქანას ”ჯენერალ ელექტრიკის” წარმოების J79 რეაქტიული ძრავი ემსახურება, რომლის სიმძლავრეც 50 000 ცხენის ძალაა. ამ ძრავით, თვითმფრინავი 2.2 მახ სიჩქარეს ავითარებს, რაც ბგერის სიჩქარეზე 2.2-ჯერ მეტია. ”ჩრდილოამერიკულმა არწივმა” უკვე გაიარა პირველი ტესტები, რომელთა დროსაც, მისმა სიჩქარემ 500 მილს (805 კმ/სთ) მიაღწია.
”ედ შეიდლთან ერთად, ჩვენი გუნდი რეკორდის გაუმჯობესებას წელსვე ეცდება, ენდი გრინს და ”ბლადჰაუნდ SSC-ს” რეკორდზე შეტევა 2012-2013 წლებში აქვთ დაგეგმილი, ყველაზე სწრაფი ავსტრალიელი როსკო მაკგლეიშენი და ”ოზი ინვეიდერ 5R” რეკორდის გაუმჯობესებას 2013-2014 წლებში ეცდებიან. მოკლედ, ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს, მოწყენა არ მოუწევთ”, - დასძენს შვარცი.

No comments:

Post a Comment