Wednesday, January 19, 2011

”ფოლკსვაგენი” ახალ დაბალფასიან ბრენდს შექმნის

Volkswagen to Give Birth to New Low Cost Brand

19 იანვარი

გერმანული კომპანია ”ფოლკსვაგენი” ახალი ბრენდის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, ბრენდისა, რომელიც ჩინეთში იმუშავებს და თავად შეიმუშავებს, აწარმოებს და გაჰყიდის დაბალფასიან ავტომობილებს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს ბრენდი ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა მომავალში არც სხვა ქვეყნების ბაზრებზე მისი გასვლაა გამორიცხული.

სააგენტო ”ბლომბერგი” იტყობინება, რომ ვოლფსბურგელებს უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკება ჩინურ კომპანიებთან (ჩინეთში უცხოური კომპანია ვერ იმუშავებს, თუ მას ადგილობრივი პარტნიორი არ ჰყავს), თუმცა ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა.

”ფოლკსვაგენის” ჩინური შტოს მთავარი აღმასრულებელი კარლ-თომას ნოიმანი ბლუმბერგთან საუბრისას ადასტურებს, რომ მის კომპანიას ჩინური ბაზრის უკეთ ასათვისებლად, ადგილობრივი პარტნიორის ძებნა დაწყებული აქვს. არაა გამორიცხული, რომ ახალი ბრენდი სორედ ჩინელი პარტნიორის ბაზაზე შეიქმნას. ისიც შესაძლებელია, რომ სრულიად ახალი კომპანია ჩამოყალიბდეს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ, ”ჯენერალ მოტორსმა” და ”ნისანმა” გააკეთეს.

ამერიკული კომპანიის ჩინურ ბრენდს ”ბაოძუნი” ეწოდა და ის მალე ბაზარზე 7 000 დოლარად ღირებულ მოდელ ”ბაოძუნ 630-ს” გამოუშვებს. ავტომობილი ოთხცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 105 ცხენის ძალას და 135 ნიუტონმეტრს იძლევა. რაც შეეხება გარეგნობას, ამ მხრივ, ”ბაოძუნ 630” ”ბიუიკ ექსელს” დაემსგავსება, თუმცა აღჭურვილობის მხრივ, მასთან ახლოსაც ვერ მივა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ავტომობილი დაბალ საფასო სეგმენტში უნდა ჩაეტიოს.

ჩინეთი უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია და ბუნებრივია, მსოფლიო ლიდერობის მოსურნე ვოლფსბურგელები იქ სოლიდური წილის მოპოვებას ცდილობენ. სწორედ ამიტომაა, რომ ცისქვეშეთის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ახალ პროექტებს ამუშავებენ. მაგალითად, ახლახანს ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შესული ”პორშე” თავის უახლეს უგზოობის ავტომობილს, რომელსაც ალბათ ”კაიუნს” დაარქმევენ, ჩინეთში გამოუშვებს.

საინტერესო ფაქტი - შარშან ”ფოლკსვაგენისთვის” ყველაზე დიდი ბაზარი აზია/წყნარი ოკეანის რეგიონი იყო, სადაც გერმანულმა კომპანიამ 2.14 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. აქედან 1.92 მილიონი კი ჩინეთზე მოდის. შედარებისთვის, გერმანიაში 1.04 მილიონი ”ფოლკსვაგენი” გაიყიდა, სამხრეთ ამერიკაში კი - 888 000.

No comments:

Post a Comment