Wednesday, January 19, 2011

”მაიბახს” ”ასტონ მარტინი” თუ გადაარჩენს

Collaboration Between Mercedes and Aston Martin Could Revive Maybach

19 იანვარი

”მზეთუნახავს” ჯერ ისევ სძინავს

..............................

2002 წელს, ”დაიმლერმა” მივიწყებული ბრენდი - ”მაიბახი” აღადგინა იმ იმედით, რომ სუპერ ლუქსის კლასის სეგმენტში სოლიდური წილის მოსაპოვებლად ებრძოლა. მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან ”მაიბახის” ავტომობილებზე ფასები მეტისმეტად მაღალი იყო. ამასთან, მანქანები არც თავიანთი გარეგნობით იზიდავდა მყიდველს და ესეც რომ არა, მათ ბაზისად წინა თაობის S-კლასის სედანის პლატფორმას იყენებდნენ.

ახლახანს გერმანულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ეულად ”მაიბახის” გადარჩენა მის ძალებს აღემატება და ამ საქმეში ინგლისურ ”ასტონ მარტინს” მოუხმო. ჯერ ორ კომანიას შორის საბოლოო შეთანხმება არ გაფორმებულა, თუმცა ”ფაინენშლ ტაიმსი” წერს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ”ასტონ მარტინი” თავის თავზე, ახალი ”მაიბახის” ძარას შემუშავებას და წარმოებას აიღებს.

ამ პარტნიორობით, განსაკუთრებით მოგებული ინგლისური მარკა დარჩება, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება ”მერსედესის” ძრავები, რომლებსაც ”ასტონი” თავისი მოდელებისთვის გამოიყენებს. განსაკუთრებით კი მათთვის საინტერესო შედარებით მცირელიტრაჟიანი აგრეგატები უნდა იყოს, რომელთა წყალობითაც, ”ასტო მარტინის” ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა შემცირდება.

თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მოგებას ”მერსედესიც” ნახავს, რომელსაც აღარ მოუწევს ახალი ”მაიბახისთვის” ძარის შემუშავებაზე ინვესტიციების გაღება. მოკლედ, ძარასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს ინგლისური კომპანია ითავებს და ამგვარად, ”მაიბახის” ავტომობილების თვითღირებულებას შეამცირებს.

თავის დროზე, ”მაიბახის” აღდგენის მოთავე ”მერსედეს-ბენცის” ყოფილი შეფი იურგენ ჰუბერტი იყო, რომელმაც ძველ მარკას ”მიძინებული მზეთუნახავი” უწოდა. ”დროა, ნაზი კოცნით, მძინარე მზეთუნახავი გავაღვიძოთ”, - უთქვამს ჰუბერტს. მაგრამ როგორც ჩანს, ”მზეთუნახავი” კარგად ვერ გამოაფხიზლეს, რადგან მისი მარკით ავტომობილები ძალიან ცუდად იყიდება. მაგალითად, 2009 წელს მხოლოდ 200 ცალი ”მაიბახი” გაიყიდა, თითქმის სამჯერ ნაკლები, ვიდრე წინა წელს.

იმავე ”ფაინენშლ ტაიმსის” ინფორმაციით, ძრავების გარდა, ”ასტონ მარტინისთვის” ხელმისაწვდომი ”მერსედესის” სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილი პლატფორმებიც გახდება. ამას კი ინგლისელები მომავალში ალბათ საკუთარი უგზოობის მოდელის წარმოებისთვის გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment