Wednesday, January 19, 2011

”ფოლკსვაგენი” ულტრაეკონომიურ ავტომობილს გამოუშვებს

Volkswagen to Show Production-Ready 1 l/100km Car

19 იანვარი

”ერთლიტრიანი ავტომობილი”, ანუ ”L1 ქარ” - ამ სახელითაა ცნობილი კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე ორი წლის წინ წარადგინა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ავტომობილს ოდესმე კონვეიერზე დადგომა ეღირსებოდა. მაგრამ არ გასულა ორი წელი და ვოლფსბურგელებმა მისი წინასერიული ვერსია მოამზადეს, რომელსაც პირველები ყატარის საავტომობილო შოუს დამთვალიერებლები მალე იხილავენ.

ჯერჯერობით, ყატარისთვის მომზადებული ავტომობილის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ის ფრანკფურტში ნაჩვენები L1-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. იმ ავტომობილს კი მართლაც განსაცვიფრებელი მახასიათებლები ჰქონდა. მისი მთავარი თვისება კი სახელწოდებაშია ასახული - L1 ერთ ლიტრს აღნიშნავს.

ჯერ ერთი, ის თითქმის ლიტრიანი (0.8 ლიტრი) TDI დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და 100 კილომეტრზე თითქმის 1 ლიტრ (უფრო ზუსტად კი 1.38 ლიტრ) საწვავს მოიხმარს. ძრავი სულ რაღაც 27 ცხენის ძალას (4 000 ბრ/წთ-ზე) და 100 ნიუტონმეტრს (1 900 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამასთან, ამ აგრეგატის სპორტული მოდიფიკაციის სიმძლავრე 39 ცხენის ძალას აღწევს.

ავტომობილი, რომელიც სულ რაღაც 380 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 14.3 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ია. ერთი კილომეტრის გავლისას კი ”ლიტრიანი” ატმოსფეროში მხოლოდ 39 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ცნობილია, რომ ”ლიტრიანის” ყატარული ვერსია ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი - დიზელის ძრავის გარდა, მას ელექტროძრავიც ემსახურება. ბუნებრივია, ეს გარემოება ავტომობილის აბსოლუტურად ყველა მახასიათებელს შეცვლის. გარდა ამისა, გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ძარის დასამზადებლად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტს იყენებს, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონა საგრძნობლად შემცირდა.

No comments:

Post a Comment