Tuesday, February 22, 2011

„პორშე“ უგზოობის „კაიუნს“ ალბათ ლაიპციგში გამოუშვებს

VW to Expand Leipzig Plant for Porsche Cajun Production

22 თებერვალი

„პორშეს“ აქამდე გერმანიის საზღვრებს გარეთ, ავტომობილი არ გამოუშვია. კომპანია იზრდება და მადაზეც მოდის. თუ შარშან 97 000 ავტომობილი გაჰყიდა, ხუთი წლის შემდგ, 150 000 ცალის გაყიდვას აპირებს, 2018 წლის გეგმა კი 200 000 ავტომობილის გაყიდვას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, გაყიდვების ზრდა სამოდელო გამის გაფართოებას მოითხოვს და გერმანული კომპანია სწორედ ამას აპირებს.

პირველი ახალი ავტომობილი, რომელიც მალე „პორშეს“ საწარმოო პროგრამაში გამოჩნდება, უგზოობის კომპაქტური „კაიუნია“. ის „აუდის“ უგზოობის Q5-ის პლატფორმაზე უნდა აიგოს. თუმცა სად გამოუშვებენ მას, ეს შტუტგარტელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

ამ ეტაპზე, სამი ვარიანტი განიხილება. არაა გამორიცხული, რომ „კაიუნი“ გახდეს „პორშეს“ პირველი ავტომობილი, რომელსაც უცხოეთში გამოუშვებენ. ამ შემთხვევაში, ამერიკისა და ჩინეთის ვარიანტები განიხილება. ამერიკისა იმიტომ, რომ იქ „აუდი“ თავის Q5-ს უშვებს. ჩინეთისა იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს უდიდესი ბაზარია და სავარაუდოდ, ახალ ავტომობილს ყველაზე მეტი მუშტარიც იქ ეყოლება.

თუმცა, ყველაზე დიდი შანსი მაინც იმისაა, რომ „კაიუნი“ ლაიპციგში (ეს ქარხანა პორშე კაიენსა და პორშე პანამერას უშვებს) აწარმოონ. ამაზე მიანიშნებს თუნდაც ის ფაქტორი, რომ „პორშემ“ გერმანიაში 1 000 ახალი თანამშრომელის აყვანის კამპანია წამოიწყო. სულ ახლახანს კი, „ფოლკსვაგენმა“, რომელიც შტუტგარტული კომპანიის აქციების 49.9 პროცენტს ფლობს, ლაიპციგის ქარხნის მოდერნიზაცია წამოიწყო, რისთვისაც 500 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.

„ფოლკსვაგენის“ წარმოების შეფი მიხაელ მახტი, ვინც ცოტა ხნის წინ, სწორედ „პორშეს“ ედგა სათავეში, განმარტავს, რომ ლაიპციგის ქარხნის მოდერნიზაცია იმის გამო დაიგეგმა, რომ კომპანიის სხვა ქარხნები ისედაც სრული დატვირთვით მუშაობს, ლაიპციგში კი წარმოების გაზრდის პერსპექტივა არსებობს. ესეც რომ არა, „ფოლკსვაგენში“ თვლიან, რომ „პორშეს“ ავტომობილებზე მოთხოვნა ისედაც გაიზრდება და ლაიპციგის ქარხნის განახლება მაინც საჭირო გახდება.

დრეისათვის უგზოობის სრულგაბარიტიანი „კაიენი“ „პორშეს“ გამაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. მაგრამ მოსალოდნელია, რომ „კაიუნი“ მას ბესტსელერის წოდებას ჩამოართმევს. ეს ავტომობილი მეხუთე იქნება „პორშეს“ საწარმოო პროგრამაში. ის მეტწილად ახალგაზრდა მყიდველზე იქნება გათვლილი, რომელსაც „კაიენზე“ ხელი ნაკლებად მიუწვდება.

ქარხანას, რომელიც „კაიუნს“ გამოუშვებს, „ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭო 15 მარტს შეარჩევს. შეკრება სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება და მას შტუტგარტის მახლობლად მდებარე ქალაქი ვაიზახი უმასპინძლებს.

No comments:

Post a Comment