Tuesday, February 22, 2011

„ფორსპიიდ“ - „სმარტმა“ ქუდი მოიხადა

Geneva-Bound smart Forspeed Concept Revealed

22 თებერვალი

წლების განმავლობაში, „სმარტის“ მარკით, „დაიმლერი“ მხოლოდ ერთ ავტომობილს - ჯუჯა „ფორთუს“ უშვებს, ცოტა ხანს ოდნავ დიდ „ფორფორსაც“ აწარმოებდა, მაგრამ ეს მოდელი ბაზარს ვერ შეეთვისა და მალე კონვეიერიდანაც მოხსნეს. „ორისათვის“ კი გამძლე გამოდგა და მართალია, გერმანული კომპანიისთვის მოგება ვერ მოაქვს, მაგრამ მისი გაუქმება მაინც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში.

ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე, შტუტგარტელები „სმარტის“ ელექტრულ, თანაც ღია ვერსიას გვიჩვენებენ, რომელიც აღჭურვილობის გარდა, იმითაცაა საინტერესო, რომ მასში ჯუჯების მწარმოებელი კომპანიის ახალი სტილია ასახული. ავტომობილს რატომღაც „ფორსპიიდ“ (სიჩქარისთვის განკუთვნილი) უწოდეს და ის კონცეპტუალური „როუდსტერის“ ერთგვარი გამოძახილია.

„ფორსპიდის“ გარეგნობის დამახასიათებელი თვისებებია რელიეფური საქარე შუშა, რომელსაც ჩარჩო არ აქვს, შუქდიოდური წინა და უკანა ფარები, რომლებიც მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს და დამცავი რკალები, რომლებსაც სარბოლი ღიაბორბლიანი (ფორმულას ტიპის) ავტომობილების ანალოგიური ელემენტის მსგავსი მოყვანილობა აქვს. აშკარაა, რომ „დაიმლერს“ „სმარტი“ იმისთვის სჭირდება, რომ რეალური კონკურენცია გაუწიოს „ბეემვეს“ „მინის“ და „ფიატის“ პოპულარულ 500-ს.

რაც შეეხება ძალურ აღჭურვილობას, ორადგილიან ღია „სმარტს“ მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც სულ რაღაც, 41 ცხენის ძალაა. ძრავი ავტომობილის უკანა ნაწილში მდებარეობს. სალონში, ცენტრალურ კონსოლზე არის ღილაკი, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც, ძრავი ძალიან მცირე ხნით, დამატებით 7 ცხენის ძალას იძლევა.

„ფორსპიდის“ მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ია. ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა კი მას 5.5 წამში შეუძლია. ეს კი ჩვეულებრივ, შიდაწვისძრავიანი „სმარტ ფორთუს“ აჩქარებაზე თითქმის წამით უკეთესი მაჩვენებელია. ამასთან, „ფორსპიდის“ სვლის სიშორე 136 კილომეტრს შეადგენს, მისი აკუმულატორების ბლოკის 80 პროცენტით დამუხტვა კი 45 წუთში ესწრება.

მართალია, ამ ელექტრომობილის წარმოება არ იგეგმება, თუმცა ცნობილია, რომ „დაიმლერი“ „სმარტის“ სამოდელო გამის გაფართოებას აპირებს და პირველი ახალი ავტომობილი ალბათ როდსტერი იქნება. ასე რომ, „ფორსპიდის“ მსგავსი ავტომობილი მალე ალბათ ბაზარზეც გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment