Sunday, March 27, 2011

შვედური სუპერქარი 1 115 ცხენის ძალით

Koenigsegg Agera R

27 მარტი

ჟენევის საავტომობილო შოუზე უხვად ნახავდით სპორტულ სუპერ ავტომობილებს, რომელთა შორისაც, ერთ-ერთი გამორჩეული, შვედურ კომპანია „კიონიგსეგის“ „აგერა R“ იყო. ეს ავტომობილი ჟენევაშივე შარშან ნაჩვენები „აგერას“ გაუმჯობესებული ვერსიაა.

მის ბაზაში მოთავსებულია 5.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 1 115 ცხენის ძალას და 1 200 ნიუტონმეტრს იძლევა. ეს კი გაცილებით მეტია სტანდარტული „აგერას“ მონაცემებზე. თანაც, „აგერა R“ საწვავად E85-ს მოიხმარს, რომელშიც რიცხვი საწვავში ეთანოლის პროცენტულ შემცველობას ნიშნავს. სხვათა შორის, 98 ოქტანობის ბენზინზე მუშაობისას, ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე „მხოლოდ“ 1050 ცხენის ძალაა.

მაქსიმალურ მომენტს ძრავი 4100 ბრ/წთ-ზე ავითარებს, თუმცა მუხლა ლილვის 2700-6170 ბრ/წთ დიაპაზონში, მომენტი 1000 ნიუტონმეტრზე დაბლა არ ჩამოდის. ძრავს აქვს ეგრეთ წოდებული მშრალი კარტერი, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული შემშვები სისტემა და გამოსაბოლქვი კოლექტორი, რომელიც ნიკელის შენადნობ ინკონელისგან არის დამზადებული.

ძრავთან ორდისკოიანი ქურის მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, რომელსაც წინამორბედისგან განსხვავებული კონსტრუქცია აქვს. კერძოდ, მასში ერთი შემავალი ლილვია, რაც „კიონიგსეგის“ განცხადებით, გადაცემის საფეხურების გაცილებით სწრაფად შეცვლის საშუალებას იძლევა.

„აგერა R-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4293 მილიმეტრი, სიგანე 1996 მილიმეტრი, სიმაღლე 1120 მილიმეტრი. შასის და ძარის წარმოებისას უხვადაა გამოყენებული კევლარისა და კარბონის კომპოზიტები, რისი წყალობითაც, ავტომობილი მხოლოდ 1435 კილოგრამს იწონის. ეს კი ნიშნავს, რომ წონისა და სიმძლავრის ფარდობა 1.19-ია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ჰო მართლა, კარბონის მონოკოკი მხოლოდ 70 კილოგრამს იწონის, გრეხვაზე მისი მედეგობა კი გრადუსზე 65 000 ნიუტონმეტრია. წინა და უკანა ღერძებს შორის წონა 45:55 პროპორციითაა გადანაწილებული.

რაც შეეხება დინამიკურ მახასიათებლებს: ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად „აგერა R-ს“ 2.9 წამი ჰყოფნის, 0-200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი 7.5 წამი სჭირდება. კომპანია არ აქვეყნებს მაქსიმალურ სიჩქარეს, თუმცა ცნობილია, რომ საბურავები 420 კმ/სთ-ზეა გათვლილი. დაკიდევ, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, „აგერა R-ს“ 14.7 ლიტრი საწვავი სჭირდება, მაგისტრალზე კი 12.5 ლიტრიც ჰყოფნის.

ჯერჯერობით არც „აგერა R-ს“ ფასი გამოცხადეულა. სავარაუდოდ, ეს ზემძლავრი ავტომობილი მინიმუმ 1.5 მილიონი ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment