Saturday, August 27, 2011

ბელგიის პოული ფეტელს

Vettel pips Hamilton for Spa pole
27 აგვისტო


მიმდინარე სეზონში ”რედ ბულ რეისინგის” საკვალიფიკაციო დომინაცია გრძელდება - ისევე როგორც წინა 11 ეტაპზე, ბელგიაშიც საუკეთესო სწორედ ავსტრიული გუნდი და ჩემპიონატის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი არიან. ფეტელმა სესიის ბოლო წამებზე შეძლო ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონის ჯობნა და მიმდინარე სეზონში მეცხრე პოულს დაეუფლა.


მესამე შედეგი იუბილარ მარკ უებერს აქვს, რომელსაც ”რედ ბულმა” 35-ე დაბადების დღე კონტრაქტის გაგრძელებით მიულოცა. როგორც ჩანს, საიუბილეო ფაცი-ფუცმა ავსტრალიელზე იმდენად იმოქმედა, რომ თანაგუნდელ ფეტელს წამზე მეტით ჩამორჩა. უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, ამაში ”დამნაშავე” უამინდობაა, რომლის გამოც რბოლა სველ ტრასაზე ჩატარდა და ამას დროებში დიდი გაბნევა და რამდენიმე მოულოდნელობა მოჰყვა.
მოულოდნელი იყო ინციდენტი, რომელიც მიხაელ შუმახერს სესიის პირველსავე სეგმენტში შეემთხვა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ვისი დებიუტიც ფ1-ში სწორედ სპაზე, 20 წლის წინ შედგა, სველ ტრასაზე მანქანა მოუცურდა, კედელს დაეჯახა და გამოსვლაც იქვე, დროის გარეშე შეწყვიტა. ბუნებრივია, მისი კარიერის საიუბილეო რბოლას ბოლო პოზიციიდან დაიწყებს.
შუმახერის ავარია
ჰამილტონს სესიის მეორე სექტორში ინციდენტი შეემთხვა ვენესუელელ პასტორ მალდონადოსთან. რა თქმა უნდა, მათი ტემპები ძლიერ განსხვავდებოდა, მაგრამ მალდონადომ ბრიტანელის უბრძოლველად გატარება არ ისურვა, რითაც მას დრო დააკარგვინა. გასწრებისას მათი მანქანები ბორბლებით ერთმანეთს ორჯერ შეეხო, თუმცა ამას სერიოზული დაზიანება არ გამოუწვევია. ლუისმა მაშინვე რადიოთი თავისიანებს გადასცა, პასტორი ასე გამიზნულად მოიქცაო. მის მანქანას მცირე რემონტი მესამე სექტორის დაწყებამდე ჩაუტარეს. მოკლედ, ჰამილტონი რბოლას ”რედ ბულის” პილოტების ”სენდვიჩში” დაიწყებს.
ჰამილტონი და მალდონადო
ბარიკელოს
უკან არკვევენ ურთიერთობას
ნარბოლევს ჰამილტონმა განაცხადა, ალბათ სტიუარდები ორივეს გამოგვიძახებენ და სანქციებით დაგვაჯილდოებენო. ალბათ გახსოვთ, რომ ისინი ერთმანეთს მონაკოს რბოლის ბოლოსაც შეეჯახნენ და მაშინ ბრიტანელმა ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. მაშინ მალდონადოს პირველი ქულების მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ჰამილტონმა იმდენად აგრესიული მანევრით გაუარა, გაოგნებულმა ვენესუელელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ასპარეზობა კედელთან დაასრულა.
ყველაზე დიდი მოულოდნელობა, ჯენსონ ბატონის მე-13 შედეგია. ბრიტანელი, რომელმაც საზაფხულო არდადეგებამდე, უნგრეთის ეტაპი მოიგო, ”გაუგებრობაში” მოყვა - კვალიფიკაციის მეორე სექტორში ასპარეზობისას, სწრაფ წრეზე იყო, როცა ბოქსებში უხმეს. მან გაკვირვებულმა რადიოთი რამდენჯერმე იკითხა, დარწმუნებულები ხართო? და სანამ გაარკვევდა, მართლა იწვევდნენ თუ არა, ხელმოცარული დარჩა.
ბრუნო სენას დებიუტი რენოში
წარმატებულია
სამაგიეროდ, ”რენოში” კარგი სტარტი აქვს ბრუნო სენას, რომელმაც კვალიფიკაცია მეშვიდე შედეგით დაასრულა და რაც მთავარია, უკან მოიტოვა რუსი თანაგუნდელი ვიტალი პეტროვი. თუმცა, ეს რა სახსენებელია, როცა ლეგენდარული აირტონ სენას დისშვილმა თვით ფერნანდო ალონსოსაც კი აჯობა...





ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:48.298
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:48.730
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:49.376
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:50.256
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:50.552
6. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)          1:50.773
7. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                  1:51.121
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:51.251
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:51.374
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:52.303
- - - - - - - - - -                                           
11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          2:04.692
12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       2:04.757
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             2:05.150
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          2:07.349
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            2:07.777
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    2:08.106
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                2:08.354
- - - - - - - - - -                                           
18. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          2:07.758
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        2:08.773
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          2:09.566
კ.გ. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                2:11.601
კ.გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)               2:11.616
კ.გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)           2:13.077
კ.გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)            დროის გარეშე

შენიშვნა: კ.გ - კვალიფიკაციის გარეშე

No comments:

Post a Comment