Saturday, March 5, 2011

ჟენევა 2011

ჟენევის ავტო შოუ - ყველაზე გრანდიოზული საავტომობილო ფორუმი

Geneva 2011

5 მარტი

ტოიოტა iQ EV და პრიუს+

ჯუჯა იაპონელი (iQ) უკვე საკმარისად პოპულარულია, მალე კი ბაზარზე მისი ელექტრული ვერსიაც გამოვა, თუმცაღა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. „ტოიოტა“ ამ ავტომობილს ევროპის გზებზე ტესტირებას უკვე უტარებს, მისი მცირესერიული ვერსიის წარმოებას კი მერმისს შეუდგება.
ჯუჯა ელექტრომობილს მამოძრავებელ ძალას მცირე ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 64 ცხენის ძალაა. ის ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტებისგან ღებულობს, რომელთა ტევადობა მხოლოდ 11 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 105 კილომეტრი გაიაროს. ელექტრული iQ-ს მაქსიმალური სიჩქარე 125.5 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100-ის ასაკრეფად კი მას 14 წამი სჭირდბა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრულ iQ-ს სატესტო ავტომობილის დანიშნულება აქვს და მისი მეშვეობით, „ტოიოტა“ ელექტრომობილების ბაზრის პერსპექტივის შესწავლას აპირებს. უფრო სწორედ, იაპონური კომპანიისთვის საინტერესოა, რამდენად მზადაა თანამედროვე ავტობაზარი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებისთვის.

რაც შეეხება კომპაქტვენ „პრიუსს“, რომელსაც „პრიუს პლიუსი“ უწოდეს, ის მთელ მსოფლიოში უკვე ძალიან პოპულარული ჰიბრიდული ჰეჩბეკის (პრიუსის) ბაზაზეა შექმნილი და რა თქმა უნდა, ჰიბრიდული სისტემაც მისგან აქვს მიღებული. ესაა ბენზინის 1.8-ლიტრიანი ძრავისა და ელექტროძრავის ტანდემი, რომლის ჯამური სიმძლავრეც 178 ცხენის ძალას შეადგენს. „ტოიოტა“ ირწმუნება, რომ ამ ავტომობილს ქალაქში 100 კილომეტრის გასავლელად 5.6 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, შერეული ციკლით მოძრაობისას კი ხარჯი 5.8 ლიტრამდე იზრდება.

ჰეჩბეკ „პრიუსისგან“ კომპაქტვენი სალონის და საბარგულის გაზრდილი მოცულობით გამოირჩევა. მისი საბარგულის მოცულობა 970 ლიტრია, რაც ჰეჩბეკის საბარგულზე 50 პროცენტით მეტია. საბარგო სივრცე კიდევ უფრო იზრდება, როდესაც უკანა სავარძლები დაიკეცება.

No comments:

Post a Comment