Sunday, March 6, 2011

„ჰიუნდაიმ“ ჰიბრიდული „სონატას“ მიწოდება დააყოვნა

Hyundai delays Sonata Hybrid deliveries

6 მარტი

„ჰიუნდაის“ ჰიბრიდულ „სონატას“ საავტომობილო ბაზარი მოუთმენლად ელის. კორეულ კომპანიას ამერიკელი დილერებისთვის მისი მიწოდება შარშან უნდა დაეწყო, თუმცა ამერიკაში მალე ჰიბრიდებთან და ელექტრომობილებთან დაკავშირებული ახალ სტანდარტებს შემოიღებენ, რის გამოც, იქ „სონატას“ დებიუტი გადაიდო.

საქმე ისაა, რომ შესაცვლელი გახდა მანქანის ხმოვანი სიგნალის სისტემა, რომელიც დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, შიდაწვის ძრავის ხმას გამოსცემს. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ ფეხით მოსიარულეების უსაფრთხოება იქნას დაცული - დაბალ სიჩქარეზე ჰიბრიდული „სონატა“ ელექტროძრავით გადაადგილდება და უხმაუროა. ამიტომ, ხმით მისი მოახლოების შეტყობა შეუძლებელია, რაც მოსიარულეების უსაფრთხოებას ამცირებს.

„ჰიუნდაის“ პრესმდივანი ჯიმ ტრეინორი ამბობს, ჰიბრიდული „სონატას“ მიწოდება იანვარში უნდა დაწყებულიყო. ამერიკაში რამდენიმე ათეული ავტომობილი გადაიტვირთა კიდეც, თუმცა ტრეინორი არ აზუსტებს, რამდენი. სამაგიეროდ დასძენს, რომ 700 ავტომობილი პორტშია და გემზე დატვირთვას ელოდება.

„ჰიუნდაიმ“ ჰიბრიდული „სონატას“ მიწოდება იმისთვის დააყოვნა, რომ შიდაწვის ვირტუალური ძრავის ხმის სისტემა გამოეცვალა. ამ სისტემის ძველი ვერსია სალონში, ცენტრალურ კონსოლზე არსებულ სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით ირთვება და ამავე ღილაკით ითიშება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ჩართვა მძღოლის სურვილზეა დამოკიდებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 4 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ჰიბრიდულ ავტომობილებზე ისეთი სისტემების დაყენებას მოითხოვს, რომლებიც დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, მუდმივად გამოსცემს შიდაწვის ძრავის ხმას. ობამას განკარგულების შესასრულებლად, აშშ-ის მაგისტრალებზე მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA - ნეიშნლ ჰაიუეი ტრეფიკ სეიფტი ესოსიეიშნ), ახალი რეგლამენტის შემუშავება დაიწყო.

სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ „ჰიუნდაიმ“ ამერიკაში ჰიბრიდული „სონატას“ მიწოდება შეაყოვნა. გადაწყდა, რომ ღილაკი მოიხსნას და ხმის სისტემამ დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, მუდმივად იმუშაოს.

„ჩვენ გავიგეთ, რომ მალე NHTSA ასეთი ღილაკების გამოყენებას აკრძალავს. ამიტომ, დავსვით ლოგიკური კითხვა - რატომ დავაყენოთ ეს მოწყობილობა იმისათვის, რომ მალე მოსახსნელი გაგვიხდეს?“ - ამბობს ტრეინორი.

No comments:

Post a Comment