Friday, March 18, 2011

ჟენევა 2011

„მინი როკეტმენი“ - ყველაზე პატარა „მინის“ კონცეპცია

MINI Rocketman Concept

18 მარტი

ჟენევის გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი „მინის“ ახალი კონცეპტუალური მოდელი, სახელად „როკეტმენი“ გახდა. ამ ავტომობილით, ბრიტანულმა კომპანიამ გვახარა, რომ იმ გაბარიტებს დაუბრუნდება, რომლითაც ლეგენდარული ალექს ისიგონისის პირველმა „მინიმ“, მსოფლიოს ავტომოყვარულთა გულები დაიპყრო.

მცირე ზომების გარდა, ამ სამკარიან ავტომობილს ისიც გამოარჩევს, რომ მის სალონში მხოლოდ სამი სავარძელი მოთავსდა (ჩასაჯდომი ფორმულა 3+1). თუმცა, პროექტის ავტორები იმით გვამშვიდებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკან მეორე სავარძლის დადგმაც შეიძლება (ბარემ ასეც მოქცეულიყვნენ).

„როკეტმენი“ თავისი კარებების უცნაური კონსტრუქციითაც გამოირჩევა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სამივე კარი ორსეგმენტიანია. უკანა კარს ერთი საყრდენი აქვს და ისიც, სახურავშია შეჭრილი. ის ქვევიდან ზევით იხსნება. ამასთან, მას მეორე სეგმენტიც აქვს, რომელიც საპირისპირო მიმართულებით - ზევიდან ქვევით იღება. საბარგული მინიატურულია და იქ მხოლოდ ხელჩანთას თუ მოათავსებთ.

გვერდითა კარებებიც ორსეგმენტიანია. წინა სეგმენტი ფსევდოკარია და ჩვეულებრივად იღება, მასზე კი ჩვეულებრივი კარია დაკიდებული, რომელიც შეიძლება გაშლილი იყოს, ან მოკეცილი. შესაბამისად, მოკეცილ მდგომარეობაში, პარკირებისთვის შეზღუდულ ადგილზეც ისე იღება, რომ სალონში მოხვედრა, ან იქიდან გადმოსვლა გამარტივებულია. გვერდითა კარებებს არ აქვს შუშის ჩარჩოები. სახურავი კი მთლიანად გამჭვირვალეა. თანაც, მასზე ბრიტანეთის დროშაა გამოსახული (თუმცა, ფერების გარეშე).

„როკეტმენის“ გაბარიტებია: სიგრძე 3.419 მეტრი, სიგანე 1.907 მეტრი, სიმაღლე 1.398 მეტრი. ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან შექმნილ სივრცულ მზიდ სისტემაზეა (ბეემვეს ტექნოლოგია) ბაზირებული, რომელიც ძარის ზოგიერთ ადგილას და ინტერიერში ჩანს კიდეც. დაკიდევ, ეს პატარა ავტომობილი უზარმაზარ, 18-დუიმიან ბორბლებზე დგას.

ჟენევაში „მინის“ არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა ძრავითაა აღჭურვილი „როკეტმენი“. არაა გამორიცხული, რომ საგამოფენო მანქანა ძრავის გარეშეც კი იყო. მის დანიშნულებას ხომ მხოლოდ კონცეპციის ჩვენება წარმოადგენდა და ისიც, რომ მალე ინგლისური კომპანიის საწარმოო პროგრამაში კიდევ ერთი ავტომობილი გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment