Friday, March 18, 2011

ჟენევა 2011

„ბეემვეს“ კიდევ ერთი ხედვა - კავშირი მძღოლსა და მანქანას შორის

BMW's Vision ConnectedDrive Roadster Concept

18 მარტი

გერმანული კომპანია თავისი მომავლის ხედვების დემონსტრირებას აგრძელებს. პირველი ხედვა „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსი“ იყო, რომელიც მალე i8-ს სახით მოევლინება ავტოსამყაროს. ამჯერად კი ჟენევაში ბავარიელებმა კონცეპტუალური „ვიჟნ კონექტდრაივი“ წარმოადგინეს, ღია ავტომობილი, რომელშიც მთავარი არც მისი აგრეგატები და არც გარეგნობაა.

გამოფენაზე ბავარიელებმა გამოაცხადეს, რომ ეს ავტომობილი (შემოკლებით ვიჟნ CD) მხოლოდ საჩვენებელი კონცეპციაა და რომ მსგავსი რამ კონვეიერზე არ მოხვდება. თუმცა არც ის დამალეს, რომ კომპანიიდან კრის ბენგლის წასვლის შემდეგ, „ბეემვე“ თავისი კორპორატიული სტილის შეცვლას აპირებს და ახალი სტილის პირველი ვერსია სწორედ ეს როდსტერია.

კონცეპტუალური ავტომობილი, „ბეემვეს“ ახალი მთავარი დიზაინერის, ჰოლანდიელი ადრიან ფან ჰოოიდონკის ხელმძღვანელობით შეიქმნა. „ვიჟნ CD-ის“ გარეგნობა აშკარად აგრესიული და დახვეწილია. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ აქედან მომავალ სერიულ ავტომობილებზე ალბათ რადიატორის ახალი ფორმა და უკანა ფარები გადავა. ძარის დანარჩენი ელემენტები მნიშვნელოვნად შეიცვლება.
მთავარი სიახლეები ავტომობილის სალონშია და ისინი სტილს არ ეხება. თუმცა, ესეც ყურადღებას იმსახურებს - როდსტერი ორადგილიანია და ადგილებიც სარბოლი მანქანის კოკპიტის ტიპის სალონშია განლაგებული. მძღოლის ადგილის წინ, მრავალფუნქციური და რაც მთავარია, პროექცირებადი სამგანზომილებიანი მონიტორი განლაგდა, რომელზეც აბსოლუტურად ყველანაირი ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. ბავარიელები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შემუშავებული სამგანზომილებიანი სისტემა, მალე მათს ავტომობილებში, ტრადიციულ მაჩვენებელთა დაფას გამოდევნის. სხვათა შორის, მსგავსი საინფორმაციო მოწყობილობა მგზავრის სავარძლის წინაც მდებარეობს.
ახალი დამხმარე მოწყობილობა, რომელიც უამრავი მაკონტროლებელი სენსორითაა აღჭურვილი, მძღოლს საქმეს უადვილებს. ამ სენსორების და მონიტორის დახმარებით, შესაძლებელია ავტომობილის გარშემო არსებული ვითარების სწრაფად და ეფექტურად გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებაც. ამასთან, სისტემას სხვა მსგავსი სისტემებით აღჭურვილ ავტომობილებთან ურთიერთობა შეუძლია. ყველაფერი ეს კი ავტომობილის და მასში მყოფთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ავტომობილი ინტერნეტშია ჩართული და მასში მყოფთ, მსოფლიო ქსელით განუსაზღვრელად სარგებლობა შეუძლიათ. მისი დახმარებით, შეგიძლიათ გზად არსებულ რესტორანში, თქვენთვის სასურველი კერძი შეუკვეთოთ, სახლში კი ვიდეო მომართოთ და სასურველი ფილმი თქვენი მისვლისთანავე ჩაირთვება. რა თქმა უნდა, ელექტრონული სისტემა მგზავრობის დაგეგმვაში და ყველაზე ეკონომიური მარშრუტის შერჩევაშიც დაგეხმარებათ.

მოკლედ, „ბეემვეს“ მორიგი ხედვით, ავტომობილების ინდუსტრიაშიც, მომავალი ელექტრონიკისა და სოციალური ქსელისაა...

No comments:

Post a Comment