Thursday, March 10, 2011

„ლამბორგინი“ მხოლოდ 4 000 ცალ „ავენტადორს“ გამოუშვებს

Lamborghini Might Only Make 4 000 Aventadors

10 მარტი

„ლამბორგინიმ“ თავის უახლეს ფლაგმან „ავენტადორის“ მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ჟენევის ავტო შოუზე გამართა და იქვე გამოაცხადა, რომ ეს ავტომობილი იმ რაოდენობით გაყიდა, რამდენიც წელს უნდა დაამზადოს. არადა, შეკვეთილი ავტომობილების მიწოდებას რამდენიმე თვეში იწყებს. ასე რომ, ამ ექსკლუზიურ ავტომობილზე, რომელიც 267 000 ევრო ღირს, უკვე რიგები დგას.

ამასთან, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც „ავენტადორს“ თავის წინამორბედ „მურსიელაგოზე“ გაცილებით ექსკლუზიურს ხდის. საქმე ისაა, რომ იტალიური კომპანია ამ ავტომობილს მხოლოდ 4 000 ცალს გამოუშვებს, ზუსტად იმდენს, რამდენიც „მურსიელაგო“ დაამზადა.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის წარმოების შეზღუდვას ტექნოლოგიური მიზეზი აქვს. კერძოდ ის, რომ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ყალიბები, მონოკოკის მხოლოდ 500 ცალი დეტალის დამზადების საშუალებას იძლევა. შემდეგ კი ისინი ახლებით უნდა შეიცვალოს. პროექტი და მასზე გაღებული ინვესტიცია კი ყალიბების მხოლოდ 8 ცალი კომპლექტის დამზადებას ითვალისწინებს. ეს კი მხოლოდ 4 000 ცალი მონოკოკის დასამზადებლადაა სამყოფი.

მონოკოკი არის ავტომობილის ძირითად მზიდი სისტემა, რომელიც სახურავსაც აერთიანებს. ის ერთი მთლიანი სტრუქტურაა, რისი წყალობითაც, გრეხვაზე მისი წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, სალონში მყოფთათვის, პასიური უსაფრთხოებაც უმჯობესდება. მონოკოკი სულ 147.5 კილოგრამს იწონის. თუ ამას ალუმინის შენადნობებისგან დამზადებულ წინა და უკანა სუბჩარჩოებსაც დავუმატებთ, მზიდი ელემენტის წონა 229.5 კილოგრამამდე იზრდება, მისი ტორსიონული მედეგობა კი, ყოველ გრადუსზე 35 000 ნიუტონმეტრს აღწევს.

სანტ’აგატა ბოლონეზური კომპანია პრეს რელიზით გვამცნობს, რომ ის პირველია, ვინც კარბონის კომპოზიტის ტექნოლოგია სერიულ წარმოებაში დანერგა. გარდა ამისა, „ავენტადორის“ წარმოებისთვის, „ლამბომ“ კიდევ არაერთი სიახლე დანერგა და დააპატენტა. მათ შორისაა სამგანზომილებიან პროგრამაში დაპროექტება, კომპიუტერული სიმულაცია, ტესტირება და წარმოებისთვის მომზადება.

No comments:

Post a Comment