Wednesday, March 23, 2011

„პორშემ“ ჰიბრიდული სუპერ ქარი 645 ათასად შეაფასა

Porsche 918 Spyder, Now Available for EUR645,000

22 მარტი

„პორშე“ თავისი პლაგ-ინ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის, „918 სპაიდერის“ წარმოებას ორ წელიწადში დაიწყებს, მასზე შეკვეთების მიღებას კი უკვე შეუდგა და ფასიც გვაუწყა - ცუფენჰაუზენელების ისტორიაში პირველი ჰიბრიდი 645 000 ევრო (დაახლოებით 845 000 დოლარი) ეღირება. და ამ ფასში გადასახადები გათვალისწინებული არაა.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: მათ, ვინც გერმანულ კომპანიას „918 სპაიდერს“ შეუკვეთავს, მოდელ „911 ტურბო S სერის-ის“ სპეციალური ვერსიის შეძენის საშუალებაც ექნებათ. ამ ვერსიას „პორშე“ თავის გამორჩეულ კლიენტებს მიჰყიდის. „918 სპაიდერს“ „პორშეს“ ცუფენჰაუზენის (გერმანია) ქარხანა გამოუშვებს. წარმოება კი 2013 წლის 18 სექტემბერს დაიწყება. პირველი კლიენტები სასურველ ავტომობილს ნოემბერში მიიღებენ. გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილს შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 918 ცალს დაამზადებს.

ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის მსოფლიო პრემიერა შარშან, ჟენევის ავტო შოუზე შედგა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი საწარმოო ვერსია პრაქტიკულად არ შეიცვლება. მცირე ცვლილება ის იქნება, რომ ავტომოილს მოსახსნელ, ორნაწილიან მყარ სახურავს გაუკეთებენ. ამ სახურავის მოხსნა კი ხელით იქნება შესაძლებელი. მოსხნის შემდეგ, სახურავის პანელები წინა საბარგო სექციაში მოთავსდება. შესამჩნევია კიდევ ორი სიახლე - სერიულ ვერსიას გარე სარკეები დაემატება და სამაგიეროდ, გამოსაბოლქვი მილები, გვერდებიდან მათთვის ჩვეულ ადგილზე, უკანა ბამპერის ქვეშ გადაინაცვლებს.

„918 სპაიდერის“ საფუძველს კარბონის კომპოზიტით დამზადებული მონოკოკი წარმოადგენს, რომელთანაც ჰიბრიდული სისტემაა დაკავშირებული. ამ სისტემის მთავარი ნაწილია 4.0-ლიტრიანი V8 ტურბოძრავი, რომელიც 500 ცხენის ძალას იძლევა. მასთან უნისონში მუშაობს ორი ელექტროძრავი, რომელთაგან თითოეული წინა, ან უკანა ღერძს ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე კი 218 ცხენის ძალაა. შიდაწვის ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი 7-საფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელიც მბიძგველ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის.

ელექტრულ ძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელსაც გაგრილების თხევადი სისტემა ემსახურება. მისი დამუხტვა საყოფაცხოვრებო ქსელის შტეპსელიდანაა შესაძლებელი, მასში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ მხოლოდ ელექტრული წევით, ავტომობილმა 25 კილომეტრი გაიაროს. „პორშე“ აცხადებს, რომ აკუმულატორების დამუხტვის დრო, ამათუიმ ქვეყანაში არსებული ელექტროქსელის თავისებურებაზეა დამოკიდებული. გერმანიაში კი „918 სპაიდერის“ აკუმულატორების სრულ დამუხტვას სამი საათი დასჭირდება. ამასთან, სწრაფად დამმუხტავი მოწყობილობა ამ დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„პორშეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „918 სპაიდერი“ საწვავის მეტად ეკონომიური ხარჯვით გამოირჩევა. კერძოდ, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 3.0 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველ კილომეტრზე კი გარემოს მხოლოდ 70 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. რამდენადაც საწვავის ხარჯსა და ეკოლოგიურობაზე ამერიკაში განსხვავებული სტანდარტები მოქმედებს, „პორშე“ თავის ამერიკელ მყიდველს პირდება, რომ შესაბამის „ამერიკულ“ ინფორმაციას წარმოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება „918 სპაიდერის“ დინამიკურ მახასიათებლებს: ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად მას 3.2 წამი ჰყოფნის, რაც ჰიბრიდულ ავტომობილებზე ფართო მასების მცდარ შეხედულებას, თითქოს ასეთი მანქანები ტემპერამენტით არ გამოირჩევიან, რადიკალურად შეცვლის. ამის დასტურად, ჰიბრიდული „პორშეს“ მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია. მხოლოდ ელექტროძრავების ხარჯზე მოძრაობისას, მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ს აღწევს.

No comments:

Post a Comment