Monday, March 21, 2011

ჟენევა 2011

„ფერარი FF“ - პირველი სრულამძრავიანი მარანელოდან

Ferrari FF's Show-Official Debut

21 მარტი

„ფერარიმ“ ჯერ კიდევ ჟენევის გამოფენამდე ორი კვირით ადრე გაგვაცნო თავისი ახალი ავტომობილი - „ფერარი FF“, რომელიც იტალიური კომპანიის ისტორიაში, პირველი სრულამძრავიანი მოდელია (მისი აბრევიატურა FF, ფერარი ფოურს, ანუ ფერარი ოთხს ნიშნავს) და რომელიც მარანელოელთა სამოდელო გამაში „612 სკალიეტის“ ადგილს დაიკავებს.
სრულამძრავიანი ტრანსმისიის გარდა, „ფერარი FF-ს“ იტალიური კომპანიისთვის უცნაური გარეგნობაც ახასიათებს. უფრო კონკრეტულად კი, მასში უცნაური უკანა ნაწილია, რომელსაც შეიძლება მოჭრილი კუდი, ან გრან ტურიზმოს კლასის ჰეჩბეკი ვუწოდოთ, საავტომობილო სამყაროში კი ამ სტილს „შუტინგ ბრეიკად“ მოიხსენიებენ. ავტომობილის დიზაინი ატელიე „პინინფარინას“ ნახელავია, პროექტს კი ამ ატელიეს მთავარი დიზაინერი ფლავიო მანცონი ხელმძღვანელობდა.
„ფერარი FF-ის“ გაბარიტებია: სიგრძე 4.907 მეტრი, სიგანე 1.953 მეტრი, სიმაღლე კი 1.374 მეტრი. ყველა ამ პარამეტრით, ის „სკალიეტიზე“ დიდია (შესაბამისად 5, 4 და 30 მილიმეტრით). ახალ ავტომობილს მოზრდილი საბარგულიც გამოარჩევს, რომლის მოცულობაც 450 ლიტრია და თუ უკანა სავარძლებს დაკეცავთ, საბარგულის მოცულობა 800 ლიტრს აღწევს.
ახალი ავტომობილი სრულიად ახალი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მუშა მოცულობაც 6.262 ლიტრია. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 660 ცხენის ძალა (8 000 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 683 ნიუტონმეტრია (6 000 ბრ/წთ-ზე). ამასთან, 500 ნმ უკვე 1 000 ბრ/წთ-ზე მიიღწევა(!). ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი, 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია (კომპანია გეტრაგის წარმოების) შეწყვილებული.
„ფერარი FF“ 1 790 კილოგრამს იწონის, წონისა და სიმძლავრის ფარდობა კი, ყოველ ტონაზე 368 ცხენის ძალას შეადგენს. ღერძებს შორის წონის განაწილება 47:53 -ზეა, სადაც მეტი დატვირთვა უკანა ღერძზე მოდის. მარანელოელთა მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე აჩქარება 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. 100 კილომეტრის გასავლელად, მას 15.4 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში 360 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. სხვათა შორის, აპეტიტის შემცირება სისტემა HELE-ს (ჰაი ემოუშნს - ლოუ ემიშნს - კარგი ემოციები, მცირე გამონაბოლქვი) დამსახურებაა, რომელშიც სისტემა სტოპ-სტარტიც შედის.

„ფერარი“ განსაკუთრებით ამაყობს FF-ის ტრანსმისიით, რომლის წყალობითაც, ეს ავტომობილი ნებისმიერი ხარისხის გზაზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. კომპანიის განმარტებით, „ტრანსმისია მაბრუნ მომენტს ბორბლებს შორის მუდმივად, საზრიანად და საჭიროების შესაბამისად ანაწილებს“. ამიტომ, FF-ს ასფალტზეც, თოვლშიც, გრუნტზეც და ქვიშაზეც გზა „კარგად უჭირავს“.

გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია საკიდარის რხევების მაგნეტორეოლოგიური ჩამქრობი სისტემით და „ბრემბოს“ წარმოების მძლავრი სამუხრუჭე სისტემით, რომლებშიც, რა ტქმა უნდა, კარბონ-კერამიკული დისკოებია გამოყენებული.

No comments:

Post a Comment