Monday, March 21, 2011

„ლამბორგინის“ ახალი ფლაგმანი - „ავენტადორLP 700-4“

Lamborghini Aventador LP 700-4

21 მარტი

„ლამბოს“ მორიგი ფლაგმანის გამოჩენას საავტომობილო სასმყარო დიდხანს ელოდა. არამარტო ისინი, ვისაც მისი შეძენის საშუალებას ჯიბე აძლევს, არამედ ისინიც, ვისაც ასეთ მანქანებზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია. მოლოდინს კი თავად მწარმოებლის მიერ პრემიერამდე კარგა ხნით ადრე დაწყებული სარეკლამო კამპანია აძლიერებდა, რომელიც „მურსიელაგოს“ შემცვლელის ნაწილ-ნაწილ გაცნობაში გამოიხატებოდა.

სახელი, ძრავი, საკიდარი, ტრანსმისია, მონოკოკი, აწყობილი შასი და ბოლოს მთლიანად ავტომობილი - იტალიურმა კომპანიამ ჟენევამდე ასე თანდათან გაგვაცნო თავისი ახალი სუპერი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითაა დამზადებული, ისეთებითაც კი, რომლებსაც ჯერჯერობით, „ლამბოს“ ყველაზე დიდი კონკურენტი „ფერარიც“ კი არ ფლობს.

ჟენევაში, როგორც იქნა, მისი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი პირადად გაეცნო ჯერ მედიასა და საავტომობილო სამყაროს, შემდეგ კი ფართო საზოგადოებასაც. და, რა თქმა უნდა, ყველანაირი მოლოდინი გაამართლა - გარეგნობითაც „ლამბორგინის“ ტრადიციების ჭეშმარიტი გამგრძელებელია და რა თქმა უნდა, აღჭურვილობითაც. ბარემ უნდა ითქვას, გარეგნობით, ის როგორღაც სახმელეთო სტელსის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. მაგრამ თუ სტელსის სისტემის დანიშნულება ისაა, რომ სამხედრო თვითმფრინავები რადარებისთვის უხილავი გახადოს, „ავენტადორის“ გარეგნობის მიზანი საწინააღმდეგოა - მან რაც შეიძლება მეტი თვალი უნდა მიიზიდოს. ალბათ, ამ მოკლე დახასიათების შემდეგ, გარეგნობაზე მეტად გაჩერება აღარ ღირს - ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს...

რა იმალება ძარის ქვეშ? პირველ რიგში, კარბონის კომპოზიტით დამზადებული კოკპიტი და მასზე ასხმული საკიდარი და ძალური დანადგარები. კარბონის უხვად გამოყენების წყალობით, ავტომობილი საკმაოდ მსუბუქი გამოვიდა - „მხოლოდ“ 1575 კილოგრამს იწონის. წონის დიდი ნაწილიც 6.5-ლიტრიან V12 ძრავზე მოდის, რომელიც 700 ცხენის ძალას (8 200 ბრ/წთ-ზე) და 690 ნიუტონმეტრს (5 500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ამ მონაცემების ასათვისებლად, „ლამბომ“ კომპანია „გრაცანოს“ წარმოების 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი (ISR - ინდივიდუალური გადამრთველი ღეროები) შეარჩია.

კოლოფიდან მაბრუნი მომენტი ოთხივე წამყვან ბორბალს მიეწოდება. ამ სისტემაში, უკანა დიფერენციალი თვითბლოკირებადია, წინას კი სისტემა ESP (ელექტრონული სტაბილურობის პროგრამა) ემსახურება. ამ ტანდემის მეშვეობით, „ავენტადორი“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.9 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ია.

„ლამბორგინი“ თავისი ახალი ფლაგმანის მიერ საწვავის მოხმარებაზე კონკრეტულ მონაცემებს არ აქვეყნებს, თუმცა ირწმუნება, რომ ეს მონსტრი ისეთივე ბენზინყლაპია არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პირიქით, „მურსიელაგოსთან“ შედარებით, 20 პროცენტით ეკონომიურია. ამასთან, მასზე 8 პროცენტით მძლავრიცაა. და რაც მთავარია, ამას ყოველგვარი ჰიბრიდული ვირუსის (როგორც ჟენევაში მომუშავე ჟურნალისტები ამბობდნენ) გარეშე მიაღწია.

ისღა დაგვრჩენია, „ავენტადორის“ ფასი გაუწყოთ. ევროპაში მისი შეძენის მსურველებს 255 000 ევროს გადახდა მოუწევთ, ამერიკაში კი - 379 700 დოლარისა. რა თქმა უნდა, ყველა ვერ შესწვდება, თუმცა მთელს მსოფლიოში საკმარისზე მეტი ყოფილა მისი მუშტარი. „ლამბორგინის“ განცხადებით, ყველა ავტომობილი, რომლებსაც სანტ’აგატა ბოლონეზელები წელს გამოუშვებენ, უკვე გაყიდულია.

No comments:

Post a Comment