Sunday, March 20, 2011

„ტატა“ ევროპელენს „ნანოს“ ნაცვლად „პიქსელს“ შესთავაზებს

Production Version of Tata Pixel Coming to Europe

20 მარტი

მაშინვე, როგორც კი მსოფლიოს თავისი სუპერ იაფი ავტომობილი - ჯუჯა ჰეჩბეკი „ნანო“ გააცნო, ინდურმა საავტომობილო კომპანია „ტატამ“ გამოაცხადა, რომ ამ ავტმობილის მოდიფიცირებულ ვერსიას ევროპის ქვეყნებშიც შეიტანდა. მაგრამ გავიდა ორი წელი და ჟენევის ავტო შოუზე, „ნანოს“ ევროპული ვერსიის ნაცვლად, ამ ავტომობილის მოდიფიცირებულ პლატფორმაზე დამზადებული კონცეპტუალური ჰეჩბეკი „პიქსელი“ ვიხილეთ.
კომპანიის დამაარსებელმა და შეფმა რატან ტატამ განაცხადა, რომ „პიქსელის“ სერიული ვერსია ბაზარზე მას შემდეგ გამოჩნდება, რაც კონცეპტუალურ ავტომობილს „ლამბოს“ ტიპის კარებებს ჩვეულებრივით შეუცვლიან. ასევე მანქანას ზოგიერთ ისეთ „კონცეპტუალურ“ ფუტურისტულ ინსტრუმენტს მოაცილებენ, რომლებიც მის სერიულ ვერსიას არ დასჭირდება. ასეთი ინსტრუმენტია მოწყობილობა, რომელიც ავტომობილს პრაქტიკულად ადგილზე მობრუნების საშუალებას აძლევს. კერძოდ, დაბალი სიჩქარით მოხვევისას, გარე რადიუსზე მყოფი ბორბალი მოძრაობის მიმართულებით ბრუნავს, შიდა რადიუსისა კი - საპირისპირო მიმართულებით.

მოკლედ, „პიქსელი“ მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის (ნანოს) კიდევ უფრო პატარა, ორკარიანი ვერსიაა. რა თქმა უნდა, კონცეპტუალური ვერსია სერიულის პლატფორმაზეა დაფუძნებული. თუმცა, გარეგნობით ისინი ერთმანეთთან ახლოსაც არ არიან. რა თქმა უნდა, ჟენევაში წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელი გაცილებით კოხტაა, თუმცა სანამ კონვეიერამდე მიაღწევს, მას გარეგნობასაც შეუცვლიან.

„პიქსელი“ დიზელის 1.2-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მხოლოდ 60 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავი ავტომობილის უკანა სავარძლების ქვეშაა მოთავსებული, მასთან კი 5-საფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული. დახვეწილი აეროდინამიკის, მცირე წინაჭობის მქონე საბურავების და სისტემა სტოპ-სტარტის დახმარებით, ავტომობილი 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 89 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

გარდა ამისა, რატან ტატა გვპირდება, რომ ევროპაში ოთხკარიან „პიქსელსაც“ შეიტანს, რომელსაც გარეგნობა კონცეპტუალური მოდელის მსგავსი ექნება. არაა გამორიცხული, რომ მისი წარმოების დაწყების შემდეგ, ავტომობილს ისევ „ნანო“ უწოდონ. ამასთან, რატან ტატა უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ „ნანოს“ წარმოებას პრობლემები შეექმნა. თუმცა ის კი აღიარა, რომ ამ ავტომობილის რეალიზაცია, მიუხედავად მისი დაბალი ფასისა (დაახლოებით 2 500 დოლრაი), პრობლემურია.

რატან ტატა იმედოვნებს, რომ ევროპული ბაზარი საქალაქო მინი ავტომობილს, რომელიც მანევრულობით გამოირჩევა და გარეგნულად ძლიერ ჰგავს „პინინფარინას“ კონცეპტუალურ „ნიდოს“ (თუმცა, ამ ორი კომპანიის თანამშრომლობაზე ჟენევაში არაფერი თქმულა), კარგად მიიღებს.

No comments:

Post a Comment