Tuesday, March 15, 2011

„ჰიუნდაი ელანტრა“ ყველაზე ეკონომიური ავტომობილების ათეულში

Hyundai Elantra Top Ten Most Fuel-Efficient Car

15 მარტი

საავტომობილო ბიზნესის კვლევებსა და ანალიტიკურ შეფასებებზე სპეციალიზებულ კორპორაცია “თრუქარ-ის” ვებგვერდ თრუქარ.კომ-ის (truecar.com) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, მსოფლიოს ათი ყველაზე ეკონომიური ავტომობილის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ერთის გარდა, ყველა ადგილი ჰიბრიდულმა ავტომობილებმა დაიკავეს.

ეს ერთი კი უახლესი „ჰიუნდაი ელანტრაა“, ავტომობილი, რომელიც ბაზარზე შარშან, წლის მიწურულს გამოჩნდა და მაშინვე, არაერთი საავტომობილო გამოცემის და ვებ-გვერდის რჩეული გახდა.

“თრუქარ-ის” რეიტინგი ავტომობილების საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და 15 000 მილის (დაახლოებით 24 000 კმ) გავლისას, საწვავზე დახარჯული თანხის შესაბამისად შედგა. რეიტინგში არ შეიყვანეს ელექტრომობილები, რადგან ისინი საწვავს არ მოიხმარენ.

რეიტინგში მოწინავე ადგილი „ტოიოტას“ ჰიბრიდულმა „პრიუსმა“ დაიკავა. ეს ავტომობილი 22 235 დოლარი ღირს (საბაზო ფასი), მისი საწვავის ხარჯი კი 1 064 დოლარია (იმის გათვალისწინებით, რომ წლიურად 15 000 მილს გადის და გალონი (3.785 ლიტრი) საწვავი 3.52 (პირობითად) დოლარი ღირს.

„ჰიუნდაი ელანტრას“ საბაზო ფასი 15 052 დოლარია, ანუ „პრიუსზე“ დაახლოებით 32 პროცენტით იაფი. სამაგიეროდ, საწვავზე მისი წლიური ხარჯი, „პრიუსისაზე“ 531 დოლარით მეტია (1595 დოლარი). საერთო ჯამში, „ელანტრას“ რეიტინგში მეცხრე ადგილი ერგო. მასზე ერთი საფეხურით წინაა „ჰონდას“ ჰიბრიდული CR-Z, კვალში კი ასევე ჰიბრიდული „ტოიოტა ქამრი“ უდგას.

„როდესაც საწვავის ეკონომიურად მხარჯველ ავტომობილს ყიდულობს, მომხმარებელმა ორი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს - მანქანის ფასი და მისთვის წლიურად საჭირო საწვავის ღირებულება. თუ ყველაზე ეკონომიურ ავტომობილს ეძებთ, ასეთად „ტოიოტა პრიუსს“ გირჩევთ, თუ იაფი მანქანა გინდათ, რომელიც ცოტასაც ხარჯავს, მაშინ „ჰიუნდაი ელანტრა“ საუკეთესო არჩევანია“, - ამბობს “თრუქარ-ის” ინდუსტრიული ტრენდების განყოფილების ვიცე პრეზიდენტი ჯესი ტოპრაკი.

დაბოლოს, „ტოიოტა პრიუსის“ გარდა, რეიტინგში ასევე მოხვდნენ (დაკავებული ადგილების შესაბამისად): ჰიბრიდული „ლექსუს CT 200h“, ჰიბრიდული „ჰონდა ინსაითი“, ჰიბრიდული „ჰონდა სივიკი“, ჰიბრიდული „ლინკოლნ MKZ“, პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“, ჰიბრიდული „ლექსუს HS 250h“, ჰიბრიდული „ჰონდა CR-Z“ და ჰიბრიდული „ტოიოტა ქამრი“.

No comments:

Post a Comment