Tuesday, March 15, 2011

„პორშე“ „ალფა რომეოს“ ოპოზიტურ ძრავს სთავაზობს

Porsche Has an Engine Ready for Alfa Romeo

15 მარტი

მართალია, „ფიატის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ „ფოლკსვაგენის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხს ურჩია, „ალფა რომეოზე“ ხელის ფათურს გირჩევნია, კრახის პირას მისულ „სეატს“ მიხედეო, მაგრამ ამით, დიდი ფერდინანდ პორშეს შთამომავალს მილანური კომპანიის ხელში ჩაგდების წყურვილი მაინც ვერ დაუცხრო.

უფრო მეტიც, „ფოლკსვაგენი“ და მის ჯგუფში ახლახანს შესული „პორშე“ ხმამაღლა აცხადებენ, რომ მათს განკარგულებაში მალე იქნება სეულიად ახალი ოთხცილინდრიანი ძრავი, რომელსაც ცილინდრების ორი, ერთმანეთის მიმართ საპირისპიროდ განლაგებული რიგი (ოპოზიტური ძრავი) აქვს. ეს ძრავი კი, საკუთრივ „პორშეს“ გარდა, „ალფა რომეოსაც“ ძალიან გამოადგება. მითუმეტეს, მილანური კომპანია ერთ დროს ოპოზიტურ ძრავებს თავადაც აწარმოებდა და მათ თავის მოდელებზე - „ალფასუდსა“ და 33-ზე იყენებდა.

თავად „პორშე“ ახალ ძრავს თავისი პატარა მოდელისთვის გამოიყენებს, რომელიც შემუშავების სტადიაშია და რომლის შექმნაშიც, მას „ფოლკსვაგენი“ ეხმარება. იგივე ძრავს ვოლფსბურგული გიგანტიც გამოიყენებს როგორც საკუთარი, ასევე მის ჯგუფში შემავალი ბრენდების (შკოდა, აუდი, სეატი) მოდელებისთვის. თუ იტალიური კომპანია ამ აგრეგატით დაინტერესდა, „პორშე“ ამით მხოლოდ მოგებული დარჩება, რადგან ძრავების წარმოების გაზრდა მოუწევს, რაც მათს თვითღირებულებას შეამცირებს.

უნდა ითქვას, რომ „პორშეს“ ახალი ოპოზიტური ძრავი მისწრება იქნებოდა „ალფა რომეოს“ ახალი, კომპაქტური კუპესთვის (4C), რომლის კონცეპტუალური ვერსიის დებიუტიც ახლახანს, ჟენევის ავტო შოუზე შედგა. მაგრამ რამდენადაც, მარკიონე „ფოლკსვაგენისთვის“ მილანური ბრენდის მიყიდვას არ აპირებს, ამდენად, „ალფა4C-ზე“ (ფოტოზე) ოპოზიტის დაყენება ჯერჯერობით გამორიცხულია.

„ჩვენ მათ (ფოლკსვაგენს) კარი ცხვირწინ მივუზურეთ, მაგრამ ახლა ისინი ფანჯრიდან შემოსვლას ცდილობენ“, - ასე განმარტა გერმანული გიგანტის შეთავაზება „ფიატის“ ჯგუფის პრესმდივანმა. მართალია, პიხმა ჟენევაში დაიქადნა, რომ ხუთ წელიწადში, „ალფა რომეოს“ გაყიდვების მოცულობას გააოთხმაგებს, მაგრამ მარკიონესგან ისევ უარი (ხელები შორს ალფასგან) მიიღო. და მაინც, პიხი ამბობს: „ფოლკსვაგენს არსად ეჩქარება“...

No comments:

Post a Comment