Monday, April 25, 2011

სახალხო „ფოლკსვაგენ ხოჭო“ სპორტული გახდა

2012 Volkswagen Beetle: All-New Bug Grows up

25 აპრილი

ამ მანქანაზე სახალხოს თქმა მას შემდეგ აღარ შეიძლება, რაც გერმანულმა კომპანიამ მისი მეორე თაობის ვერსია გამოუშვა. ვოლფსბურგელებს პირველად 60 წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ „ახალი ხოჭო“ გამოეშვათ. ახლა კი ის 13 წელიწადში შეცვალეს (სხვათა შორის, თუ პირველი ხოჭო 21.5 მილიონი ცალი გაიყიდა, მეორეს მილიონზე ოდნავ მეტი მყიდველი გამოუჩნდა). რა თქმა უნდა, თანამედროვე ავტომობილების სიცოცხლის ხანგრძლივობა ამაზე გაცილებით მცირეა და ამ ავტომობილის შემცვლელსაც, ავტოსამყარო უკვე რამდენიმე წელია, ელის.

მოლოდინი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ექვსი წლის წინ, „ფოლკსვაგენმა“ კონცეპტუალური „რაგსტერი“ გვიჩვენა. ეს ავტომობილი აგრესიული, სპორტული გარეგნობით გამოირჩეოდა და მაშინ ბევრმა ივარაუდა, რომ შემდეგი „ხოჭო“ სწორედ სპორტული იქნებოდა. სხვათა შორის, მარკეტოლოგები ალბათ სამართლიანად მიიჩნევდნენ, რომ „ხოჭოს“ გასპორტულება უფრო გამოადგებოდა, ვიდრე სინაზე, რის გამოც, მას ხშირად „ქალების ავტომობილადაც“ მოიხსენიებენ. ამან კი ძლიერი სქესის ავტომოყვარულთა შორის, მას ღირსება შეულახა. შესაბამისად, „ახალი ხოჭო“ დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა.

და აი, შანჰაისა და ნიუ იორკის საავტომობილო შოუებზე, ასევე ქალაქ ბერლინში მოწყობილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, გერმანულმა გიგანტმა კიდევ ერთი ახალი „ხოჭო“ წარმოადგინა, ამჯერად სერიული წარმოებისთვის გამზადებული. ოღონდ, მას სახელში სიტყვა „ახალი“ ჩამოაშორა. მიმომხილველთა მოლოდინი გამართლდა - ახალი ავტომობილი გარეგნულად გაცილებით სჯობს წინას. მას დაბალი სახურავი აქვს ყოველგვარი დაქანების გარეშე. ამის წყალობით, მის უკანა სავარძელზე მსხდომთა თავებისთვის, ადგილი საგრძნობლადაა გაზრდილი. სპორტულობასვე ხაზს უსვამს დაბერილი საბორბლე თაღები და მსხვილი უკანა საყრდენი. ასევე, ამ თაღებში ჩამჯდარი უზარმაზარი, 19-დუიმიანი ბორბლები.

მოკლედ და კონკრეტულად, ამ ავტომობილის გარეგნობის დახასიათება ასე შეიძლება: უფრო დიდი, ზრდასრული და უნისექსუალური. სწორედ რომ უნისექსუალური - „ფოლკსვაგენის“ მთავარ დიზაინერ ვალტერ და სილვას მთავარი მოთხოვნა გუნდისადმი, რომელიც ამ ავტომობილის სტილზე მუშაობდა, სწორედ ეს იყო. ახალი ავტომობილი მიმზიდველი უნდა ყოფილიყო ორივე სქესის მყიდველისთვის. ასე იქნება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს, როდესაც სტატისტიკოსები გაყიდვებს ყველა რაკურსით განიხილავენ.

სადადაა გაწყობილი ინტერიერი, სადაც სპორტულობის კვალს პრაქტიკულად ვერ აღმოაჩენთ - ასეთად კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ცალკეული უმნიშვნელო დეტალები არ გამოდგება. აქ ვეღარ ნახავთ უზარმაზარ წინა პანელს, რომელიც წინა მოდელზე მკვეთრად დახრილ საქარე შუშას ბოლომდე „მიჰყვებოდა“. უბრალო სავარძლები, საჭის სამწკირიანი რგოლი და „ფოლკსვაგენის“ და „აუდის“ მოდელებისგან მიღებული სხვადასხვა დეტალები და მაჩვენებლები - მთელი ეს მოკაზმულობა, მანქანის გარეგნობას არ შეეფერება. თუმცა, ეს აუცილებელი არცაა. მთავარია, რომ სალონში ყველაფერი ფუნქციურობასაა დაქვემდებარებული.

ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 278 მილიმეტრი, სიგანე 1 808 მილიმეტრი, სიმაღლე 1 486 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2 537 მილიმეტრი. სიმაღლის გარდა, ყველა პარამეტრით, მესამე თაობის „ხოჭო“ წინამორბედზე დიდია (შესაბამისად,152 და 84 მილიმეტრიტ). ასევე გაზრდილია როგორც ბაზა, ასევე წინა და უკანა ბორბლების კვლების სიგანე, რისი წყალობითაც, ინტერიერის მოცულობაც გაიზარდა. 209-დან 310 ლიტრამდე არის გაზრდილი საბარგულის მოცულობა.

წინამორბედის დარად, ახალ ავტომობილზეც ძრავი წინაა განლაგებული და მას მოძრაობაში წინა ბორბლები მოჰყავს. რაც შეეხება ძრავებს, აქ არჩევანი დიდია. მყიდველს ბენზინის და დიზელის აგრეგატების ფართო არჩევანს შესთავაზებენ. ამასთან, შეთავაზებული აგრეგატების ტიპი, კონკრეტული ბაზრის მყიდველთა თავისებურებაზეა დამოკიდებული.

მაგალითად, ამერიკელ მყიდველს ბენზინის (TSI) და დიზელის (TDI) 2.0-ლიტრიან აგრეგატებს შესთავაზებენ. ამასთან, ორივეს ტურბოკომპრესორი ემსახურება. პირველი აგრეგატის სიმძლავრე 200 ცხენის ძალა, მეორისა კი 140 ცხენის ძალაა. სამაგიეროდ, დიზელს მაგისტრალზე მოძრაობისას, 6.0 ლიტრზე ნაკლები საწვავი ჰყოფნის, ქალაქში კი ხარჯი 7.0 ლიტრზე მეტია. გაცილებით უარესი ეკონომიურობით გამოირჩევა ბენზონის ძრავი. ორივე აგრეგატთან შესაწყვილებლად, 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური კოლოფებია განკუთვნილი.

ყველაზე დიდლიტრაჟიანი, თუმცაღა საკმაოდ მოძველებულია 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი, რომელიც მხოლოდ 170 ცხენის ძალას იძლევა და არც შესაშური ეკონომიურობით გამოირჩევა. ბენზინის აგრეგატებს შორის ასევე გვხვდება 1.2-ლიტრიანი TSI 105 ცხენის ძალით, 1.4-ლიტრიანი TSI 160 ცხენის ძალით და 2.0-ლიტრიანი TSI 200 ცხენის ძალით. დიზელის აგრეგატების გამაში კი ორლიტრიანის გარდა, ორი 1.6-ლიტრიანი აგრეგატიც შედის, რომელთა სიმძლავრეც 105 და 140 ცხენის ძალაა.

„ფოლკსვაგენის“ განცხადებით, ყველაზე ეკონომიურად საწვავს ის „ხოჭო“ მოიხმარს, რომელიც დიზელის 1.6-ლიტრიანი, 105-ცხენისძალიანი აგრეგატით, სისტემა სტოპ/სტარტით და კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემითაა აღჭურვილი. ასეთი „ხოჭო“ ას კილომეტრს (კომბინირებული რეჟიმით მოძრაობისას) 4.3 ლიტრი საწვავით გაივლის, ყოველ კილომეტრზე კი გარემოს მხოლოდ 112 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მესამე თაობის „ხოჭოზე“ შეკვეთების მიღებას ვოლფსბურგელები ფრანკფურტის ავტო შოუს შემდეგ დაიწყებენ, თუმცა მათ მიწოდებას მომავალი წლიდან შეუდგებიან. ჯერჯერობით უცნობია ახალი ავტომობილის ღირებულება, თუმცა სავარაუდოდ, ის „ფოლკსვაგენ შიროკოზე“ 20-30 პროცენტით ძვირი ეღირება.

No comments:

Post a Comment