Sunday, March 20, 2011

ჟენევა 2011

„ასტონ მარტინ ვირაჟი“ - კომფორტიც და ტემპერამენტიც

Aston Martin Virage

20 მარტი

ამ მანქანის სახელი რას გეუბნებათ? ალბათ იმას, რომ მოსახვევების მაღალი ტემპით გავლა უნდა შეეძლოს. ესე იგი, ტემპერამენტი ადგილზეა და კომფორტიც - სხვანაირად, რა „ასტონი“ იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჯუჯა ჰეჩბეკი „სიგნიტიც“ კომფორტულია. ინგლისური კომპანიის სამოდელო გამაში, „ვირაჟი“ DBS-სა და DB9-ს შორის ნიშას შეავსებს.

აი, როგორ ახასიათებს თავის ახალ ავტომობილს თავად მწარმოებელი: „ამ ავტომობილზე გამოვიყენეთ ის ტექნოლოგიები, რომლებიც DBS-ზე დავნერგეთ და ის კომფორტი, რომლითაც მყიდველს DB9 და „რეპიდი“ ხიბლავს“. „ვირაჟი“ კუპეა, მის ღია (რბილსახურავიან) ვერსიას კი „ვოლანტე“ დაერქმევა. ეს ორივე სახელი, „ასტონის“ საწარმოო პროგრამაში ადრეც ფიგურირებდა, თუმცა წლების განმავლობაში, დავიწყებას იყო მიცემული.

ავტომობილი აღჭურვილია V12 ძრავით, რომლის მუშა მოცულობაც 5.935 ლიტრია. ეს აგრეგატი, სხვადასხვა მოდელისთვის სხვადასხვა დონეზეა ფორსირებული. ამჯერად კი მისი სიმძლავრე 490 ცხენის ძალაა (6 500 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 570 ნიუტონმეტრი (5 750 ბრ/წთ-ზე). ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია (ტაჩტრონიკ 2) დაკავშირებული, რომელშიც საფეხურების შეცვლა ელექტრონული სისტემით ხორციელდება. სხვათა შორის, საინტერესოა ამ ორი აგრეგატის შეთანწყობა - ძრავი წინ მდებარეობს, ავტომობილის შუა ნაწილში განლაგებულ კოლოფს ის კარდანის ლილვით უკავშირდება. ამ ტანდემის დახმარებით, „ვირაჟს“ ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 4.6 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 299 კმ/სთ-ია.

დაკვირვებული თვალი ალბათ შენიშნავდა, რომ „ასტონ მარტინის“ ავტომობილებს სახელები თითქმის ყოველთვის ასო „ვი-ზე“ ეწყება. გამონაკლისებია მხოლოდ ოთხკარიანი კუპე „რეპიდი“ და ის მოდელები, რომელთა სახელებიც აბრევიატურებია. ეს ტრადიცია თითქმის ასწლოვან კომპანიას 1950-იანი წლებიდან აქვს, როცა თავის მოდელ DB2-ზე ოპციის სახით, მყიდველს ძრავს, სახელად „ვენტიჯ“, სთავაზობდა.

რაც შეეხება სახელ „ვირაჟს“ (რაც ფრანგულად მოსახვევს ნიშნავს), ის პირველად 1985 წელს გამოიყენეს. ამ სახელს მხარი კომპანიის მაშინდელმა მთავარმა აღმასრულებელმა ვიქტორ გონტლეტმა და „ასტონ მარტინის“ მფლობელთა კლუბმა დაუჭირეს.

„ასტონ მარტინ ვირაჟის“ მთავარი კონკურენტი, ანალოგიური მახასიათებლების მქონე „მაზერატი გრანტურიზმო MC სტრადალე“ იქნება. ინგლისურმა კომპანიამ თავის ახალ ავტომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, არადა ფასი ჯერ არ გამოუცხადებია. სავარაუდოდ, „ვირაჟი“ 200 000 დოლარი ეღირება.

1 comment:

  1. ძალიან მაგარი მანქანაა!!!

    ReplyDelete