Monday, March 14, 2011

ევროპა „ტატა ნანოს“ ნაცვლად „ტატა პიქსელს“ მიიღებს

Tata’s plans for Euro market

14 მარტი

ორ წელიწადზე მეტია, ინდური კომპანია „ტატა“ მსოფლიოში ყველაზე იაფფასიან ავტომობილს - მინი ჰეჩბეკ „ნანოს“ უშვებს. ამავე პერიოდის განმავლობაში, პერიოდულად ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ „ტატა“ „ნანოს“ ევროპის ბაზრისთვისაც ამზადებს, რომელიც მის ინდურ ვერსიაზე ძვირი ეღირება.

მაგრამ ჟენევის ავტო გამოფენაზე, ინდურმა კომპანიამ სულ სხვა კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა, სახელად „პიქსელი“, გამოფენის შემდეგ კი, ბრიტანულმა გამოცემა „ავტოქარმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნანოს“ ნაცვლად, ევროპელებს „ტატა“ სწორედ „პიქსელს“, ან მის ბაზაზე შექმნილ სხვა ავტომობილს შესთავაზებს.

„პიქსელი“ სამკარიანი ჰეჩბეკია, რომელიც „ნანოზე“ 25 სანტიმეტრით მოკლეა. მისი სიგრძე სამ მეტრზე მეტი არ იქნება, წონა კი მაქსიმუმ 750 კილოგრამი უნდა იყოს. ინდური კომპანიის მფლობელი და შეფი რატან ტატა ამბობს, რომ სამკარიან ჰეჩბეკს მალე მის ხუთკარიან ვერსიასაც მოაყოლებს. მართალია, „პიქსელის“ საფუძვლად „ნანოს“ პლატფორმას გამოიყენებენ, თუმცა მას მოდერნიზაცია ჩაუტარდება, რათა ავტომობილის მართვადობა გაუმჯობესდეს და ის ნაკლებად ხმაურიანი იყოს.

რაც შეეხება „პიქსელის“ აღჭურვილობას, სავარაუდოდ, ის ისეთივე იქნება, როგორიც ჟენევაში ნაჩვენებ კონცეპტუალურ მოდელს აქვს. კერძოდ: ეს ავტომობილი აღჭურვილია სამცილინდრიანი, 1.2-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 60 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან შეწყვილებულია ვარიატორი და სისტემა სტოპ-სტარტი, ავტომობილი კი შემცირებული წინაღობის მქონე საბურავებზე დგას.

ინდური კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ ამ აგრეგატებით აღჭურვილი „პიქსელი“, შერეული ციკლით გადაადგილებისას, 100 კილომეტრს 3.4 ლიტრი საწვავით გადის, ყოველ კილომტრზე კი ატმოსფეროი მხოლოდ 89 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ეს კი ევრო6 სტანდარტს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, სრულად შეესაბამება.

კონცეპტუალური პიქსელი ასევე აღჭურვილია სისტემით, რომელიც მოსახვევში უკანა ბორბლებს ერთმანეთის საპირისპიროდ აბრუნებს. კერძოდ, შეზღუდულ სივრცეში მოხვევისას, ან პარკირებისას, გარე ბორბალი მოძრაობის მიმართულებით ბრუნავს, შიდა კი - საპირისპირო მიმართულებით. ამის წყალობით, ავტომობილის მოხვევის რადიუსი სულ რაღაც, 2.6 მეტრია. თუმცა, დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამგვარ სისტემას სერიულ ავტომობილზე არ დააყენებენ, რადგან ის მის გაძვირებას და დამძიმებას გამოიწვევს.

„ტატა“ ევროპის ბაზარზე თავისი ახალი ავტომობილის შეტანას მერმისს აპირებს. რაც შეეხება „ნანოს“, ინდური კომპანია მას თვეში 9 000-ს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ წლიურ წარმოებას მალე 200 000-მდე აიყვანს. არც ისაა გამორიცხული, რომ „პიქსელის“ პარალელურად, ძველი კონტინენტის ბაზარზე, ცოტა მოგვიანებით „ნანოს“ მოდიფიზირებული და გაძვირებული ვერსიაც გამოჩნდეს.

No comments:

Post a Comment