Thursday, April 14, 2011

„ფიატმა“ შეიძლება „კრაისლერში თავისი წილი ისევ გაზარდოს

Fiat may raise Chrysler stake to 46% by June, sources say

14 აპრილი

„ფიატმა“ შეიძლება „კრაისლერში თავისი წილი ისევ გაზარდოს

სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „ფიატმა“ „კრაისლერში თავისი წილი 30 პროცენტამდე გაზარდა და საავტომობილო მედიაში უკვე გაისმა ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ტურინელებმა ამერიკულ კომპანიაში წილი 46 პროცენტამდე აიყვანონ. უფრო მეტიც, საქმეში ჩახედული ორი პიროვნება, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას ირწმუნება, რომ წილის მორიგი ზრდა ივნისამდე მოხდება.

ამ ორი წყაროს ინფორმაციით, ამჟამად „ფიატი“ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რისი მიზანიც, „კრაისლერის“ ვალების რეფინანსირებაა, რომლითაც ამერიკულმა კომპანიამ, აშშ-ის და კანადის მთავრობათა კრედიტები უნდა გაისტუმროს. უფრო ადრე, იტალიურმა „კორიერე დელა სერამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ფიატი“ დამატებით „კრაისლერის“ აქციების 16 პროცენტის დაუფლებას ცდილობს, რისთვისაც ბანკების მხარდაჭერა სჭირდება.

„ეს რეალური გეგმაა, რომელზეც სერჯო მარკიონე მუშაობს. მას სურს, რომ „ფიატმა“ ივნისამდე მოასწროს დამატებითი აქციების შეძენა. თუმცა ალბათ, ამას გაცილებით ადრე შესძლებს“, - წერს იტალიური გაზეთი. ჯერჯერობით, ამაზე ტურინულ ავტოგიგანტს კომენტარი არ გაუკეთებია.

„ავტომოტივ ნიუს იუროპის“ იტალიელი წყაროები კი დასძენენ, რომ წილის გაზრდის ოპერაციის წარმატებულობა იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა მარკიონე ბანკების დაყოლიებას. სხვათა შორის, იტალიური წარმოშობის კანადელმა მარკიონემ, ვინც ერთდროულად, „ფიატის“ და „კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელია, განაცხადა, რომ ამერიკულმა კომპანიამ კანადის და აშშ-ის მთავრობების ვალები სწორედ ივნისამდე უნდა დაფაროს. მანვე აღიარა, რომ „კრაისლერის“ აქციების საკონტროლო პაკეტის დაუფლებას „ფიატი“ შარშან გეგმავდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.

ამჟამად „კრაისლერი“ აქციონირებისთვის ემზადება. არსებობს კანადის და აშშ-ის მთავრობებისადმი დავალიანების გარკვული ზღვარი (4 მილიარდი დოლარი), რომლის შემცირების შემთხვევაშიც, „ფიატს“ „კრაისლერში თავისი წილის გაზრდის საშუალება მიეცემა. და, აქციონირებიდან მიღებული თანხის ნაწილი სწორედ ამ ვალის შესამცირებლად დაიხარჯება.

ამჟამად „კრაისლერს“ ამერიკის და კანადის მთავრობებისადმი 7.4 მილიარდი დოლარის დავალიანება აქვს. ეს ფული იმ კრედიტის ნაწილია, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ მათგან ორი წლის წინ ისესხა, როდესაც მართვადი გაკოტრების რეჟიმში მუშაობდა. სწორედ მაშინ გაფორმდა ხელშეკრულება „ფიატთან“, რომელმაც „კრაისლერის“ აქციების 20 პროცენტი მიიღო.

ზემოთ ნახსენები 16 პროცენტის შეძენის შემდეგ, „ფიატს“ კიდევ აქვს „კრაისლერში“ თავისი წილის შემდგომი ზრდის საშუალება. ოღონდ, ამის უფლებას 2013 წლიდან მიიღებს. ამ ოპციის გამოყენების საშუალება ტურინელებს სამი წლის განმავლობაში ექნებათ. მათ შეიძლება დამატებით 16 პროცენტის შეძენა აღარც ისურვონ და თავიანთი წილის 51 პროცენტამდე გაზრდით დაკმაყოფილდნენ. ანუ, კიდევ 5 პროცენტის შეძენა მოუწევთ. ოღონდ, მანამდე „კრაისლერის“ ვალები სრულად უნდა დაფარონ.

No comments:

Post a Comment