Wednesday, April 20, 2011

„აუდი“ სისტემა e-ტრონს A3-ზეც გამოიყენებს

Audi Brings e-tron to the A3

20 აპრილი

გერმანული კომპანია „აუდი“, თავისი მოდელების ელექტრიფიკაციაზე ინტენსიურად ზრუნავს. ინგოლშტადტელებს შემუშავებული აქვთ ჰიბრიდული ტექნოლოგია e-ტრონი, რომელიც კომპანიის სტანდარტული შიდაწვისძრავიანი ავტომობილის, ჰიბრიდულ-ელექტრული აგრეგატებით აღჭურვას უზრუნველყოფს. მორიგი მოდელი, რომელიც სისტემა e-ტრონით აღიჭურვა, სედანი A3-ია. და ეს ავტომობილი პირველად შანჰაის ავტო შოუზე გამოჩნდა.

A3 მეოთხე ავტომობილია, რომელიც „აუდიმ“ ელექტრონულ-ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღჭურვა. გერმანულმა კომპანიამ პირველად ეს სისტემა კუპეზე გამოიყენა (2009 წელს), შემდეგ ამას მოჰყვა A1 e-ტრონი და e-ტრონ სპაიდერი. ინგოლშტადტელები არ მალავენ, რომ თავიანთი უკლებლივ ყველა მოდელის ჰიბრიდულ-ელექტრული ვერსიის წარმოებას აპირებენ. თუმცა, თავიდან ასეთი ავტომობილების ტირაჟი შეზღუდული იქნება (მათი სიძვირის გამო).

სხვათა შორის, ახალ სედან A3-ის კონცეპტუალური ვერსია „აუდიმ“ ჟენევის ავტო შოუზე გამოფინა, ამჯერად კი მის ბაზაზე ჰიბრიდული სატესტო ვარიანტი (პლაგ-ინ სისტემით) დაამზადა, რომლის პრემიერაც შანჰაის ავტო შოუზე შედგა და რომელიც გამოცდებს საერთო სარგებლობის გზებზე გაივლის.

2.5-ლიტრიანი ტურბოძრავის ნაცვლად, რომელიც 408 ცხენის ძალას ავითარებს, „აუდიმ“ A3-ის „მწვანე“ ვერსია ჰიბრიდული სისტემით აღჭურვა, რომელშიც ბენზინის 211-ცხენისძალიანი 1.4-ლიტრიანი TFSI ძრავი და 27-ცხენისძალიანი ელექტროძრავი შედის. შიდაწვის აგრეგატთან შეწყვილებულია 7-საფეხურიანი S-ტრონიკი, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. გადაცემათა კოლოფის საფეხურების შეცვლა კი საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით ხდება.

ელექტროძრავი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან მარაგდება, რომელიც უკანა სავარძლების უკანაა მოთავსებული. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ მარტო ელექტროძრავით, ავტომობილმა 50 კილომეტრზე მეტი გაიაროს. აკუმულატორების შევსება, მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემით, ავტომობილის მოძრაობისას ხდება. და როცა ის გაჩერებულია, დამუხტვა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდანაც შეიძლება.

გერმანული კომპანიის განცხადებით, როდესაც ავტომობილის გადაადგილება შიდაწვის და ელექტრული ძრავის ერთდროული მუშაობით ხდება, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.8 წამში ესწრება, მაქსიმალური სიჩქარე კი 231 კმ/სთ-ს აღწევს.

გარდა იმისა, რომ ჰიბრიდულ ავტომობილს სხვა აგრეგატები აქვს, სტანდარტული A3-ისგან ის გარეგნობითაც განსხვავდება - მას სერია e-ტრონისთვის დამახასიათებელი დაწვრილებული ფარები, დიდრონი ექვსკუთხა რადიატორის ბადე და ალუმინის მრავალწკირიანი ბორბლები აქვს.

No comments:

Post a Comment