Monday, April 11, 2011

ელექტრული „კია ნაიმოს“ პრემიერა სეულში

Kia Naimo Electric Concept Car Debuts in Seoul

11 აპრილი

„ნაიმო“ კორეულად გამოითქმის, როგორც „ნეჰ-მო“ და კორეულსავე ენაზე, ოთხკუთხა მოყვანილობას აღნიშნავს. სწორედ ეს სახელი შეარჩია კორეულმა კომპანია „კიამ“ თავისი კონცეპტუალური სუბკომპაქტური ელექტრული ქროსოვერისთვის, რომლის პრემიერაც სეულის საავტომობილო გამოფენაზე ჩატარდა.
ამ პატარა ავტომობილის სიგრძე სულ რაღაც, 3.89 მეტრია. სამაგიეროდ, მას საკმაოდ გრძელი ბაზა (2.65 მეტრი) აქვს, რამაც „კიას“ დიზაინერებს დიდი მოცულობის, კომფორტული სალონის შემუშავების საშუალება მისცა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „ნაიმოს“ ინტერიერში საკმარისზე მეტი სივრცეა მასში მსხდომების თავების, მხრებისა და ფეხებისთვის. ამასთან, ავრომობილს არ აქვს შუა საყრდენები, მისი წინა და უკანა კარები კი ერთმანეთის საპირისპიროდ იღება, რაც სალონში შესვლასა და იქიდან გადმოსვლას აადვილებს.
რა შეიძლება ითქვას „ნაიმოს“ გარეგნობაზე: პირველ რიგში ის, რომ ის რაღაცით კონცეპტუალურ KV7-ს მოგვაგონებს, ავტომობილს, რომელიც „კიამ“ დეტროიტის ავტო შოუზე გვიჩვენა. როგორც ჩანს, კორეული კომპანია ახალი კორპორატიული სტილის შემუშავების პროცესშია. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სტილი ჯერ დახვეწილი არაა. „ნაიმოს“ ასევე გამოარჩევს წინა შავი საყრდენები, ასიმეტრიული გამჭვირვალე სახურავი, მინიატურული ვიდეოკამერები, რომლებითაც სარკეებია შეცვლილი და მთლიანად თხევადკრისტალური ფარები. მოკლედ, სახეზეა აშკარად მომავლის ავტომობილი.

„კია ნაიმოს“ არ აქვს საქარე შუშის საწმენდები. მათს მოვალეობას ჰაერის ჭავლის გამტყორცნი ასრულებს, რომლებიც საქარე შუშის გასწვრივაა მიმართული და მათზე წყლის წვეთების დარჩენას უშლის ხელს. საბარგულის კარსაც უჩვეულო კონსტრუქცია აქვს - ის სამ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან ერთი ზევით იხსნება, ორი კი - გვერდებზე.

ახლა კი აგრეგატებზეც: ავტომობილი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 109 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 280 ნიუტონმეტრია. მისი დახმარებით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ს აღწევს. ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ორი პაკეტისგან შედგება და მათი ჯამური ტევადობა 27 კილოვატსაათია. ისინი საბარგულის ძირზეა მოთავსებული. „კიას“ მონაცემებით, ამ აკუმულატორების სრული დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 200 კილომეტრი გაიაროს.

„კია“ აცხადებს, რომ „ნაიმო“ შეუერთდება იმ საცდელ ავტომობილებს, რომლებიც სხვადასხვა კონდიციებში გაივლიან ტესტირებას. ამ ტესტების მიზანი კი ჰიბრიდული, ელექტრული და ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილების სრულყოფაა. შემდეგ კი, მათში გამოყენებული ტექნოლოგიები სერიულ წარმოებაში დაინერგება.

No comments:

Post a Comment