Monday, April 11, 2011

საუკუნოვანი ბრენდის კონცეპტუალური „მომავალი“

Chevrolet Mi-ray Roadster Concept Revealed in Korea

11 აპრილი

„ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე მასობრივ ბრენდ „შევროლეს“ წელს 100 წელი უსრულდება და ამ მოვლენას, კომპანიის კორეულმა შტომ, კერძოდ კი „ჯენერალ მოტორსის“ მოწინავე დიზაინის სეულის სტუდიამ, სპეციალური კონცეპტუალური როდსტერი მიუძღვნა, რომელიც სეულის ავტო შოუზე წარადგინა. ავტომობილს „მირეი“ უწოდეს, რაც თურმე კორეულად მომავალს ნიშნავს.

ავტომობილის შემქმნელებმა, შთაგონების წყაროდ, 1963 წლის „შევროლე მონცა SS-ის“ და 1962 წლის „შევროლე კორვერ სუპერ სპაიდერი“ გამოიყენეს. ამასთან, დიზაინერებმა ძარის ზოგიერთი დეტალის ფორმები თანამედროვე საბრძოლო რეაქტიული თვითმფრინავებისგანაც ისესხეს. მთლიანობაში კი „მირეი“ გამოფენაზე საკმაოდ აგრესიული და დინამიური იერით წარსდგა.

„შევროლე მირეის“ გაბარიტებია: სიგრძე 3991 მილიმეტრი, სიგანე 1865 მილიმეტრი, სიმაღლე 1100 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2375 მილიმეტრი. ავტომობილის ბაზისად აღებულია ალუმინისგან დამზადებული შასი, რომელზეც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარის პანელები მაგრდება. ალუმინი და კარბონის კომპოზიტია ასევე გამოყენებული ბორბლებში, რომლებსაც ტურბინის ფორმა აქვთ. ამასთან, წინა ბორბლები 20-დუიმიანია, უკანები კი - 21-დუიმიანი.

სალონი კოკპიტის ტიპისაა და ამ ეფექტს მაღალი ცენტრალური კონსოლი ქმნის, რომელიც მას ორ ნაწილად ჰყოფს. საჭის რგოლი და ძრავის ჩამრთველი ღილაკიც რეაქტიული თვითმფრინავის სტილშია შესრულებული. სალონს შემხვედრი ჰაერისგან გადაჭრილი საქარე შუშა იცავს, რომელიც კარებზე გადადის. ესენი კი უჩვეულოდ - წინ და ზევით იხსნება.

რაც შეეხება აღჭურვილობას, მას „შევროლეს“ სპეციალისტებმა შუა-ელექტრული უწოდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის ბაზაშია განლაგებული შიდაწვის ძრავი. ესაა ბენზინის 1.5-ლიტრიანი ტურბოაგრეგატი, რომლის მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტიც, ორდისკოიანი ქუროსა და რობოტიზებული კოლოფის გავლით, უკანა ბორბლებს მიეწოდება. ამ ძრავის მონაცემები უცნობია.

სამაგიეროდ, მასთან ერთად, ავტომობილი კიდევ ორი, ოღონდ, ელექტრული ძრავითაა აღჭურვილი. ესენი წინა ღერძზეა მოთავსებული და თითოეული 20 ცხენის ძალას იძლევა. ელექტროძრავები ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობენ, რომლის ტევადობაც სულ რაღაც 1.6 კილოვატსაათია. ეს ბლოკი სავარძლების უკან, ძირზეა მოთავსებული. გარდა ამისა, ავტომობილის ჰიბრიდულ ძალურ დანადგარში ასევე შედის სისტემა სტოპ-სტარტი და მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემა. „მირეის“ ქალაქში მხოლოდ ელექტროძრავებით გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა „შევროლე“ არ აკონკრეტებს, თუ რამდენია ამ შემთხვევაში სვლის სიშორე.

„შევროლე“ კონცეპტუალური როდსტერის არც დინამიკურ მონაცემებს აქვეყნებს. სამაგიეროდ, სიამაყით გვამცნობს ამ ავტომობილის მოკრძალებული აპეტიტის შესახებ. კერძოდ, „მირეის“ ქალაქში 100 კილომეტრის გავლა სულ რაღაც 3.92 ლიტრი ბენზინით შეუძლია, ტრასაზე კი ხარჯი 3.7 ლიტრამდე მცირდება.

თქმა არ უნდა - „შევროლეს“ მართლა კარგი „მომავალი“ შეუქმნია, თუმცა დღევანდელი ტენდენციით, მომავალი ელექტრომობილებისაა...

No comments:

Post a Comment