Saturday, May 14, 2011

„ნისანი“ და „რენო“ ერთად 10 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ

Nissan, Renault aim for combined 10 mln unit sales - media

14 მაისი

„რენოსა“ და „ნისანის“ ალიანსი იმედოვნებს, რომ სამ-ხუთ წელიწადში გაყიდვებს 10 მილიონამდე გაზრდის. ეს ინფორმაცია, იაპონურ გაზეთ „მაინიჩის“, იაპონურ-ფრანგული ალიანსის მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა გააცნო. ამგვარად, გამოჩნდა მეოთხე საავტომობილო კონგლომერატი, რომელსაც მსოფლიო ლიდერობის პრეტენზია გააჩნია.

შარშანდელი მონაცემებით, ლიდერი „ტოიოტაა“, რომელმაც „ჯენერალ მოტორსი“ სამი ათეული ათასი ავტომობილით ჩამოიტოვა. მეოთხეზეა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დიდ და პატარა კომპანიას აერთიანებს. „რენო-ნისანმა“ შარშან 7.3 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა და ამ მაჩვენებლით მესამე იყო. სავარაუდოდ, „ტოიოტა“ წელს პირველობას დაკარგავს, რადგან მისი წარმოება და გაყიდვები იაპონიის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა და სრული დატვირთვით ამუშავებას წლის ბოლომდე ვერ შეძლებს. თუმცა ვინ გახდება პირველი, ეს ჯერაც უცნობია, რადგან იაპონურმა კატაკლიზმებმა თავისი კვალი ამერიკულ და ევროპულ კომპანიებსაც დაატყო.

იაპონურ კომპანიებს შორის, ყველაზე მეტად სწორედ „ტოიოტამ“ იზარალა. თუმცა, კარგ დღეში არც „ნისანია“, რომელსაც მიწისძვრის არეალში რამდენიმე საწარმო აქვს. მათ შორის ერთ-ერთი უდიდესია ძრავების ქარხანა, რომელიც ფუკუშიმას პრეფექტურაში მდბარეობს. გონის თქმით, ეს საწარმო მუშაობას მალე განაახლებს. ყოველივეს მიუხედავად, ალიანსი პოზიციების დათმობას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ ისევე როგორც შარშან, წელსაც მისი გაყიდვები რეკორდული იქნება.

„ნისანის“ საწარმოებს შორის, მიწისძვრამ ყველაზე მეტად ფუკუშიმაში მდებარე ძრავების ქარხანა დააზარალა. ამჟამად, ეს საწარმო ენერგიით არ მარაგდება. ამ ქარხნაში აწყობილი ძრავებით, „ნისანის“ იაპონური და უცხოური ქარხნები მარაგდება. ის ორცვლიანი რეჟიმით მუშაობას მალე განაახლებს. სულ კი, „ნისანის“ ყველა საწარმო სრული დატვირთვით, ოქტომბერში ამუშავდება.

გუნმა ასევე უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბუნებრივი კატასტროფები უარყოფითად იმოქმედებს ელექტრომობილების წარმოებასა და გაყიდვებზე. პირიქით, „ნისან ლიფის“ წარმოება დაგეგმილი ტემპით მიმდინარეობს და პრაქტიკულად არც შეფერხებულა.

No comments:

Post a Comment