”ბიუიკ რეგალი” ამერიკისთვის
Buick Regal
20 ივლისი
”ჯენერალ მოტორსი” თავის ყველაზე ახალ მარკა ”სატურნს” ჰყიდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ნიშას, რომელიც ამ მარკის საწარმოო პროგრმას აშშ-ის ბაზარზე ეკავა, აუთვისებელს დატოვებს. შემცვლელად კი მარკა ”ბიუიკი” დაუსახავს, რომლისთვისაც, ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული ჩინური ბაზარია.
მეორე მხრივ, ამერიკის ბაზარზე ჯერ არ შესულა ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელებული ”ოპელ ინსინია”, რომელსაც ამერიკაში ”სატურნ აურას” სახელით ელოდნენ. მაგრამ რამდენადაც ”სატურნი” მალე ”ჯენერალ მოტორსის” ოჯახის წევრი აღარ იქნება, სასწრაფოდ ”აურას” შემცვლელი იყო მოსაძებნი. პარალელურად, ”ოპელ ინსინიას” ბაზაზე შექმნილ მანქანას ამრიკული კომპანია ჩინეთში ”ბიუიკ ლაქროსის” სახელით ჰყიდის. თითქოს, ლოგიკური იყო, რომ ეს ავტომობილი ამერიკაშიც ამავე სახელით გაყიდულიყო. მაგრამ ”გენერლებმა” სხვა გზა აირჩიეს და ”ინსინიას” ბაზაზე კიდევ ერთი ავტომობილის - ”ბიუიკ რეგალის” წარმოება გადაწყვიტეს, რომელიც ასევე წარმატებით იყიდება ჩინეთში.
”ჯენერალ მოტორსის” ავტომობილების ინტეგრაციის შეფმა როჯერ კნიობელმა გამოცემა ”აუტომოტივ ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ”რეგალი” კომპანიის სამოდელო გამაში ”ლაქროსზე” ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს და მასზე რამდენიმე ათასი დოლარით იაფი ეღირება. ჯერ ახალი ”რეგალის” ფასი არ გამოცხადებულა, თუმცა ”ლაქროსის” ფასის (27 835 დოლარი) მიხედვით შეიძლება ვარაუდი, რომ ამერიკაში გაამერიკელებული ”ინსინია”, ანუ ”ბიუიკ რეგალი” 20 000 დოლარის ფარგლებში ეღირება, რაც ”ოპელის” ამ ეპოქალური ავტომობილის ევროპულ ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
”რეგალიც” და ”ლაქროსიც” ერთსადაიმავე, ”ეპსილონ II” პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც წინა წამყვანი ბორბლები აქვს. ამ ორი ავტომობილის განსასხვავებლად, ”რეგალს” არ ექნება ხმის ისეთი ჩამხშობები, როგორებიც ”ლაქროსს” აქვს და საერთოდ, ეს უკანასკნელი უფრო მდიდრულადაა შესრულებული. ხმის ჩამხშობებია მაგალითად, შუშის სპეციალური ლამინატი და სპეციალური ნივთიერება, რომლითაც ავტომობილის ძირია დამუშავებული. ამასთან, ”რეგალი” ”ლაქროსზე” დაახლოებით 172 მილიმეტრით მოკლეა. მათი ბაზების სიგრძეებს შორის სხვაობა კი (კვლავ ლაქროსის სასარგებლოდ) 100 მილიმეტრია.
კნიობელის თქმით, ”ბიუიკმა” ამერიკაში კონკურენცია ”ლექსუსსა” და ”აკურას” უნდა გაუწიოს. ამისათვის, ამ მარკის სამოდელო გამის მნიშვნელოვანი გაფართოება იგეგმება. კერძოდ, არცთუ ისე შორეულ მომავალში, ამერიკელ მყიდველს ”ოპელ ასტრას” ბაზაზე დამზადებულ ”ბიუიკის” ჰეჩბეკებსაც შესთავაზებენ.
kargi statiaa...
ReplyDelete